შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა

8 ივლისს შვეიცარიამ ს წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა.
ფედერალური საბჭოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, შვეიცარია უერთდება ევროკავშირის 24 ივნისის გადაწყვეტილებას რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიის გამო სანქციათა პაკეტის გაფართოების შესახებ და შეზღუდვებს კიდევ 69 ფიზიკური და 86 იურიდიული პირის წინააღმდეგ აწესებს.
შვეიცარიის სანქციების სამიზნე არიან ფიზიკური პირები – ძირითადად ბიზნესმენები, პროპაგანდისტები, შეიარაღებული ძალებისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) თანამშრომლები და უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაზე პასუხისმგებელი პირები. ხოლო, სანქცირებულ იურიდიულ პირებს შორის იქნებიან როგორც ის კომპანიები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სექტორში ოპერირებენ, ისე ფინანსურ და სამრეწველო სექტორში არსებული კომპანიები, რომლებიც სანქციების თავიდან არიდების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ.
ჯამში, ევროკავშირის სანქციებთან შესაბამისად, შვეიცარიის მიერ სანქცირებული პირების ჩამონათვალში 2200 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი იქნება.
დამატებით, შვეიცარიამ რუსეთის 4 სამთავრობო პროპაგანდისტულ გამოცემას, RIA Novosti, Izvestia Gazeta, Rossiyskaya Gazeta, Voice of Europe, “უწყვეტი პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიების” გამო, სარეკლამო შეზღუდვები დაუწესა.
24 ივნისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. სანქციების სამიზნე რუსული ეკონომიკის მაღალი ღირებულების სექტორებია, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა.