შვეიცარიამ ნიკოლას მადუროსა და მასთან დაკავშირებული პირების აქტივები ოთხწლიანი ვადით გაყინა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიას გაყინული აქტივების ღირებულება არ დაუკონკრეტებია.
“ფედერალურ საბჭოს სურს უზრუნველყოს, რომ არსებულ ვითარებაში უკანონოდ მოპოვებული ნებისმიერი აქტივი შვეიცარიის ფარგლებს გარეთ ვერ იქნას გადატანილი” – ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, აქტივების გაყინვა არ ეხება ვენესუელის ამჟამინდელი მთავრობის არცერთ წევრს.
შვეიცარიის მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ “თუ მომავალ სამართლებრივ პროცესებში დადგინდება, რომ თანხები უკანონოდ არის მოპოვებული, შვეიცარია შეეცდება უზრუნველყოს, რომ ისინი ვენესუელის ხალხის სასარგებლოდ იქნას გამოყენებული”.
შეგახსენებთ, რომ კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს და ხომალდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანეს.




