შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

თავდაპირველად შოკირებული ვიყავი ამ განცხადების მოსმენისას, თუმცა, ვფიქრობ, ეს არის ინდიკატორი იმის, რამდენად მართლები ვართ ჩვენ და რამდენად მტყუანია „ქართული ოცნება”,- ასე ეხმაურება შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გოტბერგი შვედეთის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებას ,,ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
გოტბერგის თქმით, ,,ქართული ოცნების” წევრები ,,სიცრუეს ამტკიცებენ”.
,,შეხედეთ პარლამენტის წევრების კომენტარებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ, ტყუილებს და სიცრუეს ამტკიცებენ. რა თქმა უნდა, შვედეთს კრიმინალის მხრივ პრობლემები ჰქონდა, თუმცა ვნახეთ, რომ შვედეთში გასული თვე იყო პირველი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მკვლელობისა და საბედისწერო შემთხვევების გარეშე, რადგან მთავრობა რეფორმებს ახორციელებს და ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ. ჩვენ პროტესტის დროს არ ვუსწორდებით ოპონენტებს ქუჩებში ქიმიური იარაღით, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ. ესაა სწორედ მთავარი განსხვავება. კრემლის სახელმძღვანელოდანაა ის, რომ მთავარი პრობლემებიდან ყურადღება სხვა ნაკლებად აქტუალურ საკითხებზე გადაიტანო”,- განაცხადა გუსტავ გოტბერგმა.
ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ეუთოს ,,მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებაზე საუბრისას, შვედეთზე გაამახვილა ყურადღება.
,,ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად, შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა. გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას. ასევე, შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხაროდ, თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად.
თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე”,- განაცხადა კირცხალიამ.