7 მარტს შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატოს 32-ე წევრი.
შესაბამისი დოკუმენტების გადაცემის ცერემონია ვაშინგტონში გაიმართა შვედეთის მთავრობის მეთაურის, ულფ კრისტენსონისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მონაწილეობით.
პრემიერ-მინისტრმა კრისტენსონმა ცერემონიაზე ილაპარაკა „შვედეთისთვის უსაფრთხოების სფეროში ახალ ისტორიულ ერაზე“ და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა თავის მოკავშირეებთან ერთად გაინაწილებს ტვირთს, პასუხისმგებლობასა და რისკებს.
„წარმატებას ის აღწევს, ვინც იცდის,“ თქვა თავის მხრივ ენტონი ბლიკენმა, რომელმაც ულფ კრისტენსონისგან დოკუმენტები მიიღო. ამ მოვლენას მანაც ისტორიული უწოდა შვედეთისთვის, მთელი თავდაცვითი კავშირისთვის და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის. ბლინკენმა ასევე ახსენა „სტრატეგიული ფიასკო“, რადაც ექცა რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა.
შვედეთმა ფინეთთან ერთად შეიტანა ჩრდილოატლანტიკურ კავშირში წევრობის თაობაზე განაცხადი მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. მანამდე ქვეყანა ნეიტრალიტეტის პრინციპებს იცავდა და სამხედრო კავშირებს თავს არიდებდა 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ხუთშაბათს წევრობის თაობაზე დოკუმენტების საბოლოოდ გადაცემა უკანასკნელი ნაბიჯია გაჭიანურებულ პროცესში, რომლის განმავლობაშიც სტოკჰოლმი ყველა წევრი ქვეყნისგან ელოდა მის მიღებაზე თანხმობას.
მაშინ, როცა ფინეთი ნატოს უკვე შარშან შეუერთდა, შვედეთი იძულებული გახდა, მოეცადა თურქეთისა და უნგრეთის პოზიციების გამო, რომელთა ლიდერებს კონტაქტები აქვთ რუსეთის ხელმძღვანელობასთან. სწორედ ისინი აჭიანურებდნენ ნატოში შვედეთის მიღებას. ყოველი მათგანი საკუთარ მიზეზს ასახელებდა.
თურქეთმა შვედეთის განაცხადი საბოლოოდ მოიწონა იანვარში. უნგრეთმა კი გადაწყვეტილება მანამდე გადადო, სანამ 23 თებერვალს პრემიერ-მინისტრი კრისტენსონი კეთილი ნების ვიზიტით ჩავიდოდა ბუდაპეშტში, სადაც ორმა ქვეყანამ სხვათა შორის შეათანხმა მსხვილი გარიგება შეიარაღების სფეროში. მანამდე უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესის“ წევრები ორი ქვეყნის მთავრობათა ხელმძღვანელების პირად შეხვედრას მოითხოვდნენ. ბუდაპეშტმა სტოკჰოლმს ასევე ბრალი დასდო უნგრეთის „გაშავების“ პოლიტიკაში და რეგულარულ შენიშვნებში იმის თაობაზე, რომ უნგრეთმა გადაუხვია დემოკრატიული სახელმწიფოს ნორმებს.