შვედეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის მიერ ბუდაპეშტში მიწვევას გამოეხმაურა

შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ბუდაპეშტში მიწვევას გამოეხმაურა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრის საპასუხო წერილი შვედურმა მედიამ გამოაქვეყნა, რომელშიც მან ვიქტორ ორბანს უნგრეთში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
„როგორც აღნიშნეთ, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც ორმხრივ დონეზე ჩვენს საერთო ინტერესებს მოიცავს და Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავებს, უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის გათვალისწინებით ევროკავშირს და ნატო-ში თანამშრომლობას ეხება, სადაც ჩვენ მოკავშირეები ვართ“, – წერს შვედეთის პრემიერ-მინისტრი.
ულფ კრისტერსონმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პარლამენტის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება ორმხრივ ურთიერთობებში ნდობისა და ურთიერთგაგების გასაძლიერებლად მყარ საფუძველს შექმნის.
„ბუდაპეშტში, ორივესთვის ხელსაყრელ დროს, ზემოთ აღნიშნული საკითხების თქვენთან ერთად განხილვას მოუთმენლად ველი. ჩვენ, ასევე, 1-ელ თებერვალს ბრიუსელში ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან სხდომაზე შეხვედრის შესაძლებლობა გვექნება“, – აღნიშნა ულფ კრისტერსონმა.
შეგახსენებთ, 23 იანვარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა შვედი კოლეგა ბუდაპეშტში, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად მიიწვია. მოგვიანებით, თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა. შესაბამისად, უნგრეთი ალიანსის უკანასკნელი წევრია, რომლის პარლამენტსაც შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების შესახებ კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩაუტარებია.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა