უკრაინის ბრძოლა შვედეთის ბრძოლაა, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
ულფ კრისტერსონმა შვედეთის მიერ უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი იმ ძირითად სამ საკითხზეა ფოკუსირებული, რომელიც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, საარტილერიო საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა.
„გუშინ, უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის ტელეფონით ვესაუბრე და გავიმეორე ის, რაც უკვე არაერთხელ მითქვამს: უკრაინის ბრძოლა შვედეთის ბრძოლაა. ჩვენ უკრაინას მხარს იქამდე დავუჭერთ, სანამ საჭირო იქნება. უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც იბრძვის“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, დღეს შვედეთმა უკრაინის დასახმარებლად 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტია, რომელიც სტოკჰოლმმა კიევს გადასცა.