ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა შვედეთის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა.
„ჩვენ საბოლოო ანგარიშები არ მიგვიღია, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო, რომ ეს არჩევნები სანდრო არ იყო და სხვადასხვა ფორმით აშკარა დარღვევები იყო. ძალიან შემაშფოთებელია, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპასთან სერიოზული დაახლოება შეაჩეროს, რაც ხალხის ნებაა. ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიმუშაოთ ხელისუფლებებთან, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რასაც ჩვენ ვიცავთ“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრი მისი უნგრელი კოლეგის, ვიქტორ ორბანის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში არჩევნები „თავისუფალი და დემოკრატიული“ იყო.
„ის არ ლაპარაკობს ევროპის ქვეყნების სახელით, არ ლაპარაკობს შვედეთის სახელით, შეიძლება ლაპარაკობს რუსეთის სახელით, მაგრამ ის არ ლაპარაკობს სხვების სახელით“, – აღნიშნა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.
ულფ კრისტერსონმა მოლდოვაში ჩატარებული არჩევნებიც გაიხსენა და მისი თქმით, „ყველაფერი დიდი რაოდენობით დარღვევებზე მიუთითებს. ამრიგად, ორი ქვეყანა ახლა რუსეთის გავლენასა და ევროპულ, დემოკრატიულ გავლენას შორის მიმდინარე ომის შუაგულში დგას. მე ვიტყოდი, რომ ეს უკიდურესად ავის მომასწავებელია“.
კითხვაზე, ღელავს თუ არა იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველოში ვითარება ბელარუსის მსგავსი გახდეს, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, აღნიშნა, რომ ევროპასთან დაახლოების შეჩერება რუსეთის ამბიციას წარმოადგენს.
„დიახ, რუსეთის ამბიცია ევროპასთან დაახლოების შეჩერებაა და ეს ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ეს არ არის ომი ტრადიციული სამხედრო ფორმებით, არამედ ჰიბრიდული ომი ამ ქვეყნების წინააღმდეგ, რაც მას ნამდვილად საშიშს ხდის. ჩვენ გუშინ ზელენსკის ვესაუბრეთ და ის აღნიშნავს, რომ რასაც ახალა რუსეთი უკრაინაში აკეთებს სურს იგივე მოლდოვაშიც გააკეთოს და რაც შეიძლება მალე“, – აღნიშნა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.