შეხვედრაზე პრემიერისგან მთავარი გზავნილი იყო, რომ ქვეყნის კურსი არ შეცვლილა – ბესო ორთოიძე

კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის თქმით, ბიზნესთან შეხვედრაზე პრემიერის მთავარი გზავნილი იყო, რომ ქვეყნის კურსი არ შეცვლილა და ყველაფერი გაკეთდება მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.
როგორც ბესო ორთოიძემ BMG-ის შეხვედრასთან დაკავშირებით უთხრა, ბიზნესის მხრიდან დაისვა ყველა კითხვა, რაც საზოგადოებასაც აქვს, მათ შორის კრიტიკული კითხვებიც.
„შეხვედრა იყო დახურული და დეტალებზე საუბარი რთულია. პრემიერისგან მთავარი გზავნილი იყო, რომ ქვეყნის კურსი არ შეცვლილა და მთავარი ამოცანა არის ევროკავშირის წევრობა და მეორე ის, რომ რაღაცნაირად ეს მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდება. შეხვედრაზე ის არგუმენტები და ახსნა-განმარტება იყო ხელისუფლების მხრიდან, თუ რას ემსახურება დღეს ეს ყველაფერი. კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, 2 საათ-ნახევარი. დაისვა ყველა ის კითხვა, რაც საზოგადოებასაც აქვს. იყო კრიტიკული კითხვებიც“, – ამბობს ბესო ორთოიძე.
მისივე თქმით, არასტაბილურობა ყველა სექტორზე ნეგატიურად აისახება და არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„ცალსახად, რაც ქვეყანაში ხდება გავლენას მოახდენს ყველა სექტორზე და მონაცემებიც გაუარესდება. იმიტომ, რომ ეს ნორმალური არაა, რაც ხდება. ამის შეჩერება და დასტაბილურება მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია და არა ნებისმიერ სხვა ძალას.
ჩემი სამოქალაქო პოზიცია დაფიქსირებული მაქვს, რომ დღეს რაც ხდება, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ვნახავთ, რა შედეგი დაიდება და რას მივიღებთ დრო გვიჩვენებს. დღეს არა მარტო ხელისუფლება, ბიზნესიც, საზოგადოებაც მაქსიმალურად უნდა ვცდილობდეთ, რაც შეიძლება სწრაფად დავუახლოვდეთ ევროკავშირს. სხვანაირად ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელი მგონია. შესაბამისად, ბევრი მუშაობა გვჭირდება ამაზე და დღეს ვხედავთ, რომ ბიზნესიც რაღაცნაირად ფერხდება ამ ყველაფრით, საზოგადოება გარეთაა გამოსული, ხელისუფლებაც ამაზეა გადართული. უამრავი ძალა და ენერგია იხარჯება ამ ყველაფერში. ეს, თუნდაც იმ პუნქტების შესასრულებლად რომ მივმართოთ, რაც ევროკავშირთან დასაახლოებლად გვჭირდება, უფრო პრიორიტეტი მგონია და ამაზე უნდა მიდიოდეს მუშაობა“, – ამბობს ბესო ორთოიძე.
10 მაისს, “რუსულ კანონთან” დაკავშირებით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.