შეძლებს თუ არა საქართველოს მთავრობა ამერიკაში ელჩის დანიშვნას? ოპოზიცია ამბობს, რომ ასეთი შემთხვევაშიც კი ივანიშვილის ხელისუფლება ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვას ვერ მოახერხებს.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გასაჯანსაღებლად ე.წ. ხელისუფლებამ წინაპირობები უნდა შეასრულოს, რასაც არ აკეთებს.
“აშშ-ში ელჩის გაგზავნა ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური პროტოკოლი. ამას სჭირდება მათ შორის იმ წინაპირობების შესრულება, რომელზეც ყველა უთითებს რეჟიმს. ასე არ ხდება, რომ ვიღაც წავიდეს, ფურცლები ჩადოს რამე ყუთში და დააკაკუნოს მერე სახელმწიფო დეპარტამენტზე. ასე ვერ მოხდება.“ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს და ახალი ელჩების დანიშვნაც ძალიან კონკრეტულად არის დაკავშირებული ამ ლეგიტიმაციასთან და არაღიარებასთან,” – ამბობს დეკანოიძე.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების არსებობა რეჟიმის ლეგიტიმაციას არ ნიშნავს. მისი თქმით, ელჩის არსებობის შემთხვევაშიც კი ივანიშვილის ხელისუფლების სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება.
“ელჩის საკითხი, მე მგონია მეორადი ხარისხის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აშშ-ს გააჩნია ელჩი კვლავაც საქართველოში. ქალბატონო დანიგანი მუშაობს აქ და მუშაობს ძალიან აქტიურად და სწორად. ორმხრივი ურთიერთობების არსებობა დიპლომატიურ დონეზე არ ნიშნავს იმას, რომ რეალურად, რეჟიმი არის აღქმული როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება. შესაბამისად, არავის უნდა ჰქონდეეს ილუზია, რომ ელჩის არსებობის შესაძლო შემთხვევაშიც კი, რომ რაიმე შეიცვლება ქოცების სასიკეთოდ”, – ამბობს გრიგოლ გეგელია.
ის, რომ ელჩის დანშვნას აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული გადაწყვეტილებები არ მოჰყვება, დარწუნებულია გახარიას გუნდის წევრი ბერდია სიჭინავაც.
“იმ პირობებში, როდესაც გარვეული არ არის ურთიერთობები აშშ-სა და „ოცნების“ ე.წ. ხელისუფლებას შორის, ბუნებრივია, ელჩის დანიშვნასაც რაღაც სტრატეგიული გადაწყვეტილებები არ მოჰყვება აშშ-ს მხრიდან. ამიტომ, მე ვფიქრობ, სწორედ ამას ელოდებიან და ცდილობენ, როგორმე დაალაგონ ურთიერთობები და დაეხმარონ აშშ-ს, რომ დიფ სთეითი დაამარცხოს. მაგრამ, თუ აშშ-მ ვერ დაამარცხა დიფ სთეითი ამერიკაში, მამუკა მდინარაძე აქ აუცილებლად შეძლებს ამას, როგორც გვპირდება”, – ამბობს ბერდია სიჭინავა.
კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი გიორგი ბუტიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ურთიერთობების დალასგების მიზნით პოლიპატიმრების გათავისუფლებითაც კი ივაჭროს. პოლიტიკოსის თქმით, “ოცნებას” სტანდარტული რუსული გეგმები აქვს, რითაც ლეგიტიმაციის მოპოვებას ეცდება.
“ვინც არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ამერიკაში, არის, ფაქტობრივად რუსეთის წარმომადგენელი. ეს არის ის ფორმა, რა ფორმაც მიიღო „ქართულა ოცნებამ“. „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ დაალაგებენ ურთიერთობებს. შეიძლება, ივაჭრონ თვითმმართველობის არჩევნებით, შეიძლება, ივაჭრონ პატიმრების გამოშვებით. მათ აქვთ სტანდარტული რუსული გეგმები, რითაც ცდილობენ, მოიპოვონ ლეგიტიმაცია”, – ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ-ი ელჩის კანდიდატურა უკვე შერჩეულია და მოვლენების განვითარებას ელოდება.
წყარო: tvpirveli.ge
