“შეჩერდეს გამოსახლება” – მოძრაობა “ხმის” წევრები აღსრულების ბიუროში მივიდნენ

მოძრაობა “ხმის” წევრები, რომლებიც ბინებიდან ოჯახების გამოსახლებას აპროტესტებენ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფისში მივიდნენ და თავიანთი მოთხოვნები დაასახელეს. დაახლოებით 17:00 საათზე მოძრაობის წევრებმა ბიუროს შესასვლელი სივრცე დაიკავეს.
“ჩვენ დღეს აქ შემოვედით და აქედან გასვლას არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნა არის შეჩერდეს ძალადობრივი გამოსახლებები. ვნახეთ, რომ დღეს გადადეს ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება, მაგრამ გადადეს დროებით…
რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ 26-ში ახალი გამოსახლებაა დაგეგმილი – ზანდუკელის ქუჩაზე ასახლებენ მრავალსულიან ოჯახს, რომლის წევრებიც არიან შშმ პირები, მცირეწლოვანი ბავშვები და ორსული ქალი”, – თქვა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა.
მანვე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი მოთხოვნაა, გაათავისუფლონ მოძრაობის ის წევრები, რომლებიც პოლიციამ დააკავა სისხლის სამართლის კოდექსით – აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის:
“ბრაზი, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ გამოსახლების პროცესში, არ შეიძლება იყოს კრიმინალიზებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ორი ადამიანი: გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ”.
მას შემდეგ, რაც ბიუროს შენობაში შეკრებილმა აქტივისტებმა შეძახილებით (“შეჩერდეს გამოსახლება”) დაიწყეს მოთხოვნების გაჟღერება, მათთან მივიდა ადამიანი, რომელმაც შენობის დატოვებისკენ მოუწოდა:
“სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და უხერხულია… მესმის, რომ პროტესტს გამოხატავთ. გაბრძანდით გარეთ. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ადამიანებს უშლით ხელს. დატოვეთ ადმინისტრაციული შენობა”.
მოძრაობა “ხმის” წევრები ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის გამოც ისინი აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს შენობიდან.
გუშინ, 23 იანვარს კი, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით თბილისში, კეკელიძის N1-დან გამოასახლა ოჯახი.
პოლიციამ საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის – ორი სისხლის სამართლის კოდექსით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის (პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) დააკავეს 18 ადამიანი, მათ შორის იყო ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ