შეყვარებული წრეები – რამაზ გიგაური

შეყვარებული წრეები
არ გიყვარდეთ კუთხეები… კუთხეებში ენერგიათა გადაკვეთაა. სწორედ ამიტომ აყენებენ ცელქ ბავშვებს კუთხეში, რათა ენერგიისგან დაიცალონ. ცხოვრებაც ადამიანებს სწორედ კუთხეში იმწყვდევს და მათთვის სულის ამოძრობას ცდილობს. ამიტომაც არ გიყვარდეთ კუთხეები. ბებიაჩემი მეტყოდა ხოლმე, „ნუ დაჯდები მაგიდის კუთხეში, აგრემც გენაცვლები, შვიდი წელი ცოლს ვერ მოიყვან“. მერე რა, თუ მე ჯერ შვიდი წლის ვიყავი. ბებიაჩემი არ ფიქრობდა, რამდენი წლის ვიყავ, იმას მასწავლიდა, რაც დედამისმა მართიამ ასწავლა – ფეიქრიაანთ შეუპოვარმა და ჯიუტმა ქალმა, რომელმაც თავისი შვილიც იმსგავსა. დედაჩემიც მეტყოდა ხოლმე, „როგორ იცი მართიასავით გაჯიუტებაო“. მეც ჯიუტად მიყვარდა კუთხეები და სულ კუთხეებს ვეძებდი, ვემწყვდეოდი კუთხეში, ვეცემოდი, მუხლისთავებს და იდაყვებს ვიყვლეფდი, მაგრამ ჯიუტად მეგონა, რომ კუთხეების გადაყვარება ჩემი მხრიდან ღალატი იქნებოდა. ამიტომ მიყვარდა კუთხეები და კუთხეებიც „ერთგულად“ მაძრობდნენ სულს, მაფლეთდნენ ხორცს, მამტვრევდნენ რქებს. მე გამწარებული ჩავბღუოდი მიწას, რომ ჩემი საყვარელი კუთხეები ასე მიმეტებდნენ. გვიან, ძალიან გვიან გავიგე, რომ ადრე ადამიანებს წრეები და მრგვალი ფორმები უყვარდათ – გამოქვაბულები, მრგვალი სახლები, მრგვალი მაგიდები, მრგვალი სკამები, მრგვალი საწოლები. ყველაფერი მრგვალი იყო და წრიულად ბრუნავდა. მერე ადამიანები გაბოროტდნენ და შექმნეს კუთხეები და მას შემდეგ ომი არ შეწყვეტილა ადამიანებს შორის. მე მივხვდი, რომ ჩემი სიყვარულის გამო კუთხეებს დავემსგავსე – გაბოროტებული კუთხეში ვიმწყვდევდი საყვარელ ადამიანებს და მათ სულს ვაძრობდი. მერე კი მიკვირდა, ჩემი სიყვარულის გამო რატომ იხოცებოდნენ. მივხვდი, რომ ჩემივე თავის გამო, ჩემი საყვარელი ადამიანების გამო უნდა დამეკარგა ჩემი ბავშვობა – კუთხეების სიყვარული. უნდა დავმრგვალებულიყავ. გადარჩენის სურვილმა და ადამიანების სიყვარულმა გამასუქა, თუმცა სიცილი ვისწავლე. სიცილმა შემაყვარა წრეები. ჩვენ, ვისაც გვიყვარს – მრგვალები ვართ, წრიულები. ისინი, ვისაც სძულთ – კუთხიანები. წრეებს უყვართ და კუთხეები ომობენ. უნდა გვიყვარდეს წრეები და ყოველივე მრგვალი, რადგან მათში ღმერთია და სიყვარულია.