შექმნილი ვითარების გამო, ინვესტორმა რესტორან „ნამდვილის“ ახალ ფილიალში ფულის ჩადება გადაიფიქრა – შოთა ბურჯანაძე

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუთლეტ ვილიჯის ტერიტორიაზე, ინვესტორმა რესტორან „ნამდვილის“ ფილიალში ინვესტირება შეაჩერა“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას რესტორატორმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით „არსებულმა სიტუაციამ შექმნა ის პირობა, რომ ინვესტორები თავს იკავებენ ქვეყანაში ინვესტირებისგან. უნდობლობა ძალიან დიდია და პერსპექტივა – ბუნდოვანი“.
„მოგეხსენებათ, ლილოს ტერიტორიაზე იხსნება აუთლეთ ვილიჯი, რომელიც ამიერკავკასიაში რეალურად ძალიან პერსპექტიული ობიექტი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ინვესტორმა, რომელიც პარტნიორობდა ჩვენი რესტორნის გახსნას, ამ ეტაპზე, თავი შეიკავა თანხის ინვესტირებისგან“, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
შოთა ბურჯანაძე გვიყვება, რომ იმის მიუხედავად, რომ უცხოელ ინვესტორს, თანხის გარკვეული ნაწილი, 70 000 დოლარამდე უკვე დახარჯული აქვს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, მაინც შეაჩერა თანამშრომლობა.
„აუთლეთ ვილიჯში გარკვეული ადგილი რესტორნებისა და სხვა კვების ობიექტებისთვისაა გამოყოფილია. მთლიანად 8 ფართია, აქედან 2 ჩემი იყო, სადაც რესტორან „ნამდვილის“ ფილიალი უნდა გაიხსნას. ჩვენი რესტორანი აუთლეტ ვილიჯის ტერიტორიაზე იქნებოდა ძირითადი რესტორანი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი უცხოელი ინვესტორი თავის იკავებს ინვესტირებისგან. მას თანხის გარკვეული ნაწილი წინასწარ აქვს დახარჯული, მაგრამ დღესდღეობით თანამშრომლობის სურვილი აღარ აქვს. დაახლოებით 70 000 დოლარამდეა წინასწარი დანახარჯი. დღევანდელი გადასახედიდან, პერსპექტივაში საქმე დახურულია. საქართველოსთან მისი დამოკიდებულება იყო ოპტიმისტური, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან ბუნდოვანია თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივა“, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
ჩვენს კითხვაზე, უკავშირებს თუ არა ინვესტორის გადაწყვეტილებას ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებასა და ქვეყანაში არსებულ საპროტესტო ტალღას, რესტორატორი ამბობს, რომ ისინი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირია.
„კი არ ვუკავშირებ, ფაქტია, რომ კავშირშია. ამ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან ეჭვები არ არსებობს. პირდაპირ, გადაჭრით იყო ეს ნათქვამი ინვესტორის მხრიდან“, – ამბობს ბურჯანაძე.
მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მარტო მის საქმიანობაზე კი არა, მთელ ბიზნეს გარემოზე უარყოფითად აისახება, „მაისის თვის ჯავშნები უქმდება და ზოგადად სექტორში რთული ვითარებაა. დასავლეთმა თუ მიიღო მკაცრი ზომები და სახელმწიფო სტრუქტურის რომელიმე წარმომადგენელი დაასანქცირა, ეს რადიკალურად შეცვლის უარესობისკენ სურათს“, – ამბობს რესტორატორი.