ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, ჩვენებური ქართველი, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] ამბობს, რომ დაკავების დღიდან საპატიმროში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია. ის მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მხრიდან პერმანენტულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, დამცირებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს.
ქათამაძის წერილს, რომელსაც მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ [სტილი დაცულია]:
“საქართველოს საზოგადოების, თანამებრძოლებისა და კრიტიკული მედიის ინფორმირებისთვის, მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, “ბათუმელი მედროშის”, თემურ ქათამაძის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი: დღეს უკვე საჭირო გახდა. მინდა გაცნობოთ, რომ 16.01.2025-ში, ჩემი საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავების პირველი დღიდან დღედმე, მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ ხორციელდება ჩემ მიმართ მიზანმიმართული, მუდმივი და მასშტაბური ფსიქოლოგიური ზეწოლა, შევიწროება, შეფერხება, გაჭიანურება და პროვოცირება ყველანაირი ბერკეტის გამოყენებით. ეს თავიდან იყო ჩემ მიმართ სასამართლო პროცესებში წარსადგენად ბათუმში, ჩემს კერძო ბინაში და პირად კომპიუტერში განთავსებულ დოკუმენტებზე – მტკიცებულებებზე წვდომისა და მათი დროზე შეგროვების შეფერხების მიზნით. თუმცა, ბოლო დღეებში, მათი ზეწოლა გამიზნული არის 44 დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარე ჩემი შიმშილობის შეწყვეტისთვის, ჩემი ნებისყოფის და მხნეობის გატეხისთვის. მათთვის რა სამწუხაროა, რომ უშედეგო იქნება მათი ეს მცდელობა, რომ ჩემი სამშობლოსთვის ბრძოლის შეურყევ ნებისყოფას, სულისკვეთებას და მხნეობას ვერასდროს ვერავინ გატეხა! სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ზემოთ მდგომი ღირებულება და მწვერვალი არის. იმის ზემოთ მხოლოდ გამჩენელი ღმერთი დგას! მე აქ ძალიან კარგად და მხნედ ვარ. ისე, როგორც არასდროს არ ვყოფილვარ. ჩემი სოლიდარობა სამშობლოს მომავლის და თავისუფლების ყველა თანამებრძოლს და ასევე, სინდისის ყველა პატიმარს! მინდა ყველამ იცოდეთ და დარწმუნდეთ, რომ ჩვენ ვართ საქართველო, უფალი არს ჩვენთან, მე მჯერა გამარჯვების! ჩვენ გადავცურავთ ზღვას და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად. უფრო და უფრო დიდი ცეცხლი ოლიგარქიას და მუდმივი ჯოჯოხეთი ივანიშვილს. ჩვენი ბრძოლის ყოველ წამს გახსოვდეთ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შემდეგი სიტყვები: არასოდეს, არასოდეს არ დანებდე!”. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე, გამარჯვებამდე, არ დანებდეთ! “ძალა ერთობაშია!” ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე. 28.02.2025 წელი. შიმშილობის 44-ე დღე. თბილისი – სამშობლო”.
თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ის 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.
დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო.
დაკავების შემდეგ თემურ ქათამაძემ ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლება ამ სტატუსზეც უარს ეუბნება.
თემურ ქათამაძეს აღნიშნულ საკითხებზე დავა აქვს სასამართლოში, მიმართა სახალხო დამცველსაც. მის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
