,,შეფერხება არ ყოფილა… ყველას მიმართ ის საბაჟო მოთხოვნები, რაც იყო დასრულდა და გაეშვა. ზოგის მიმართ მიმდინარეობს და ისინიც გაეშვება“ – შემოსავლების სამსახური ,,პროშანის“ სატვირთოებზე
სომხური კონიაკის მწარმოებელი კომპანია ,,პროშანის“ ექსპორტის სპეციალისტი აცხადებს, რომ მათი კონიაკით დატვირთული სატვირთოები საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დიდი ხანია გაჩერებულები არიან. გაიანე პოღოსიანი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ხანგრძლივად გაჩერების მიზეზებს არ უხსნიან, ეს კი მწარმოებლებს დიდ ზიანს აყენებს.
,,კომერსანტი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ შეფერხება არ არის და სატვირთო ავტომობილები მათთვის გაწერილ საბაჟო პროცედურებს გადიან. მათივე ცნობით გასულ კვირაში სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 50-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ დატოვა. დანარჩენები კი პროცედურებს გადიან და მათი დასრულების შემდეგ საზღვარს პრობლემის გარეშე გაივლიან.
,,არაფერი შეფერხება არ ყოფილა. პროცედურული ნაწილი მიმდინარეობს როგორც არის მათ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი. შეიძლება წონა იყო დასაზუსტებელი, შეიძლება რაღაც დანიშნულება იყო. სხვადასხვა კრიტერიუმებია. ყველას მიმართ ის საბაჟო მოთხოვნები რაც იყო დასრულდა და გაეშვა. ზოგის მიმართ მიმდინარეობს და ისინიც გაეშვება. ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურებია და სადღაც 50-ზე მეტი მანქანა იყო გაშვებული წინა კვირას. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მანქანები ეტაპობრივად გადიან. ,,პროშანიც” გაივლის იმ საბაჟო ფორმალობებს, რაც არის მის მიმართ განსაზღვრული და გადაკვეთს საზღვარს. მივა დანიშნულების ქვეყანაში.’’- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურში.
სომხური მედიის ცნობით, სომხური კონიაკით დატვირთული ტრაილერები საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე 1.5 თვეზე მეტია გაჩერებულები არიან. კომპანია „პროშანის“ ექსპორტის სპეციალისტმა გაიანე პოღოსიანმა BM.GE-ს განუცხადა, რომ ამ დროისთვის საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მათი კონიაკით დატვირთული 15 მანქანა მოლოდინის რეჟიმშია.
,,გუშინდელი დღიდან ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ 50 სატვირთოს გაშვება უნდოდათ, თუმცა აქამდე მათი წარმომადგენლები მძღოლებს არ დაკავშირებიან. პრობლემა მოუგვარებელია. ჩვენ ვცდილობთ დავაზუსტოთ მანქანის ნომრები, რომელთა გაშვებაც იგეგმება, რათა მანქანის მძღოლები ადგილზე დროულად გავაგზავნოთ, მაგრამ ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებთ. ქართული მხრიდან საკონტაქტო პირის არარსებობა მდგომარეობას მნიშვნელოვნად ართულებს და ოპერატიულ ურთიერთქმედებას უშლის ხელს. გარდა ამისა, ჩვენთვის გაუგებარი რჩება მიზეზი, რომლის გამოც ქართული მხარე აჩერებს მანქანებს და ამის მიზეზად ლაბორატორიულ ანალიზებს ასახელებს.“ – აცხადებს „პროშანის“ წარმომადგენელი BM.GE-სთან.
