კომუნიკაციების კომისიის მიერ დაარსებული მედიაკადემიის პროექტი, “მედია კრიტიკა” აქვეყნებს მასალას სათაურით: “შეფასებებში ჩაკარგული ინფორმაცია „იმედზე“, სადაც წერს:
18 სექტემბერს, ტელეკომპანია “იმედმა”, პარტია “საქართველოსთვის” და “ლელოს” შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაცია მაყურებელს საკუთარი ინტერპრეტაციით გააცნო და მოსაზრებები ფაქტისგან არ გამიჯნა.
„ქრონიკის“ 14-საათიან გამოშვებაში წამყვანმა თქვა, რომ:
“უცხოელი პატრონების დავალების შესრულების პროცესი გრძელდება. უპრინციპოთა გაერთიანების შესახებ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის პასუხს ელოდებიან. ერთმანეთის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ გახარია – ხაზარაძის პოლიტიკური ქორწინების პროცესი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასულმა პრეზიდენტმა დავალების შესაბამისად დაიწყო.”
ფაქტი: „გაერთიანების შესახებ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის პასუხს ელოდებიან“. შეფასება: „უცხოელი პატრონების დავალების შესრულების პროცესი გრძელდება. ერთმანეთის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ გახარია – ხაზარაძის პოლიტიკური ქორწინების პროცესი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასულმა პრეზიდენტმა დავალების შესაბამისად დაიწყო.”
ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.