“შეუძლებელი გახდა კომპანიასთან კომუნიკაცია” – მიმართვა პრემიერს – “ბახმაროს გადასარჩენად”

ჩვენი აზრით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული პროექტი შეცვლის ბახმაროს ავთენტურ ლანდშაფტს და სრულად დაუკარგავს კურორტს უნიკალურობას, ასევე შექმნის სხვა მრავალ გარემოსდაცვით თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემას. აქვე გაცნობებთ, რომ მშენებლობის ნებართვის არარსებობის მიუხედავად კომპანია „ორბი ბახმარომ“ უკვე გააჩაღა აქტიური სარეკლამო კამპანია და ყიდის ჯერ კიდევ უნებართვო პროექტის/შენობის ფართებს. კომპანია „ორბი ბახმარო“ საჯარო განცხადებებში ხშირად ცვლის პოზიციებს, ასახელებს სხვადასხვა, რადიკალურად განსხვავებულ რიცხვებს, მალავს ჩატარებულ კვლევებს, მხოლოდ საკუთარი ინტერესის შესაბამისად აკეთებს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმის ინტერეპრეტაციას. პროექტის მიმართ საზოგადოებაში ნდობა არ არსებობს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კომპანია გაურბის ნებისმიერ დიალოგს და შესაბამისად გამორიცხავს კონსენსუსის შესაძლებლობას. ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადასარჩენად“ წევრები, თვალს ვადევნებდით რა თქვენს ჩართულობას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა პროტესტის შემდგომ პრობლემის გადაწყვეტის პროცესში, მოგმართავთ თხოვნით, ახლაც პირადად ჩაერთოთ ადგილობრივ მოსახლეობას, მისი ინტერესების დამცველ ექსპერტებსა და აქტივისტებს და კომპანია “ორბი ბახმაროს“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის მედიაციის პროცესში. მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა და არაერთი საჯარო თუ წერილობითი მიმართვისა, შეუძლებელი გახდა აღნიშნულ უწყებებთან და კომპანიასთან კომუნიკაცია. პროცესს ართულებს ისიც, რომ აღნიშნული სახელმწიფო უწყებები არღვევენ კანონს და არ გვაწვდიან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას. ასევე გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ სახელმწიფო უწყებებში საჯარო ინფორმაციის გაცემის და პროექტის ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურების მართლზომიერების საკითხი.