შეუძლებელია საერთაშორისო აეროპორტიდან მოქალაქის ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით – „ჯორჯიან ეარვეისი“

შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. ამის შესახებ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებაშია ნათქვამი.
კერძოდ, ავიაკომპანია ეხმაურება დუბაიდან შესრულებულ რეისს, რითაც „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ჩამოაფრინეს.
ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.
„ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მინიმუმ 3-4 ჯერ კვირაში ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს. აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება. კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.
გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დღეს, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს და ორი დღე თვალახვეული მატარეს. ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის, ოჯახის წევრის დალაპარაკების გარეშე, ყველა წესის დარღვევით. შემდგომ, მოტაცებული პირდაპირ ჩამტენეს “აირზენას” ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში’.