ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე განმარტავს რატომ არის შეუძლებელი ტელეკომპანია “იმედის” მიერ საკუთარი ბანკის შექმნა.
მისი თქმით, სულ რომ ლიცენზია მისცენ დაანონსებულ ბანკს და ივანიშვილმა საკუთარი ფული ჩადოს, ბანკი მაინც ვერ იქნება ავტონომიური ერთეული.
გიორგი ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ბანკს ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად მეორე მხარეც სჭირდება – მიმღები და გამტარი, ხოლო გამტარი ბანკი სულ სამია საქართველოს მასშტაბით, მათგან ორი ამერიკული და ერთი გერმანული. მისი თქმით, თუ გამტარი ბანკები ჩათვლიან, რომ მეორე მხარე სანქცირებულია, ტრანზაქციას არ გაატარებენ.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, ერთადერთი ალტერნატივა არის, რომ მიუერთდნენ პირდაპირ რუსულ სისტემას.
შეუძლებელია, ეს არის აბსურდი. ლიცენზიაც რომ მისცენ, ივანიშვილმა, რომ თავისი ფული ჩადოს თავიდან ბოლომდე, როგორც აკეთებს, მილიარდებიც რომ დახარჯონ, რაც არ უნდა გააკეთონ, უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება ივანიშვილი დიდი მოთამაშე არის საქართველოს მასშტაბით და საქართველოს მასშტაბით არის, სამწუხაროდ, ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელიც დისპროპორციულად დიდ ქონებას და ძალაუფლებას ფლობს, რაც არის ამ ქვეყნის უბედურება, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით და დასავლეთისთვის ივანიშვილი არაფერი არ არის, არის ზღვაში ერთი წვეთი, ერთი პაიკი. იგივე, მაგალითად მთლიანად საქართველოს საბანკო სექტორი მსოფლიო ფინანსური სისტემისთვის არის არაფერი, ზღვაში წვეთი.
შეუძლებელი არის იმიტომ, რომ ბანკი არ არის ავტონომიური ერთეული, ბანკი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ასრულებს თავის ფუნქციას, თუ მას შეუძლია გადარიცხვების შესრულება მაგალითად, ანგარიშსწორება, ბარათების გამოშვება და ა.შ., ელემენტარული ფინანსური ოპერაციების განხორციელება. ფინანსური ოპერაციის განხორციელებას სჭირდება მეორე მხარეც, ანუ მხოლოდ ერთი მხარე ვერ შეასრულებს, სჭირდება მიმღები, სჭირდება გამტარი და გამტარი ბანკები არის სულ სამი, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს ემსახურება, რი ამერიკული და ერთი გერმანული ბანკი. ნებისმიერი “საქართველოს” ან TBC- ბანკის მომხმარებელი რომ შევიდეს აპლიკაციაში და ამოიღოს თავისი რეკვიზიტი ანგარიშის, იქ დაინახავს შუამავალ ბანკს, ეს იქნება ან “დრეზდენ ბანკი”, ან BankofAmerika, ან “სითი ბანკი”, ეს სამი ბანკი თუ თვლის რომ სანქცირებულია მეორე მხარე, არ ატარებს ტრანზაქციას, რაც ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს, რომ არცერთი გადარიცხვა არ წავა, ოღონდ უკვე მარტო “ქართუს” და “ლიბერთის” გადარიცხვები კი არა, მთლიანად საბანკო ანგარიშებზე იმიტომ, რომ ის ბანკები ჩათვლიან, რომ ეს არის იურისდიქცია, რომელიც ცდილობს სანქციების არიდებას.
ამის ერთადერთი ალტერნატივა არის, რომ მიუერთდნენ პირდაპირ რუსულ სისტემას და ჩინურსაც არა იმიტომ, რომ ჩინეთიც იცავს სანქციებს, რუსულ სისტემას მიუერთდეს, გადავიდეთ რუბლებზე, უარი ვთქვათ ყველაფერ დანარჩენზე და გავხდეთ კლასიკური მეორე ბელარუსი. სხვა შესაძლებლობა არ არსებობს,” – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “იმედი”, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.
ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.




