164-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და ბაღის დირექტორის, ფატი მანჯგალაძის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. გარდა ამისა, მშობლები ამბობენ, რომ უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს ერთ-ერთ აღმზრდელს, რომელიც, სავარაუდოდ, ბავშვებზე ძალადობს.
50-მდე მშობლის ხელმოწერით განცხადება დღეს სააგენტოში შევიდა.
“თბილისის 164-ე ბაგა-ბაღში ბავშვებზე ძალადობა სისტემური პრობლემაა. ამავე ბაღის აღსაზრდელთა მშობლები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან და თბილისის მერი, კახი კალაძისგან ვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სამსახურიდან და შეუჩერდეს უფლებამოსილება ამავე ბაღის დირექტორს და ყველა მოძალადე აღმზრდელს”, – ამბობს მშობელი.
ბავშვის მიმართ ძალადობის საქმეზე გამოიკითხა ერთ-ერთი მშობელი. პროკურატურას აქვს ვიდეო მტკიცებულებები. ერთ-ერთი მშობელი ყვება, რომ კადრების მიხედვით:
“ბავშვს თმები მოქაჩა, გადაათრია იქით და ურტყამს მაგრად, მეორე კადრში კიდევ არის, რომ ფეხს ფეხზე აჭერს. მესამე კადრი იყო, რომ თავის შვილიშვილზე იყო, ბავშვი შედის საპირფარეშოში, შეყვა მასწავლებელი და უკან გამორბის ბავშვი დიდი სისწრაფით და თავზე აქვს ხელები აფარებული, სავარაუდოდ, რაღაც მოხდა, მაგრამ მაგას ვერ ვამტკიცებთ, დირექტორმა მაგაზე თვალი დახუჭა”.
თბილისში 164-ე ბაგა-ბაღში 3 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. აღმზრდელის თანაშემწე სამსახურიდან გათავისუფლებულია.