თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანჩო გიორგობიანს ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენაშიც ადანაშაულებენ.
“სპარის” კონულტანტების ცემის საქმეში არსებულ ვიდეო-ჩანაწერს მუსლიმურ თემში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც პარასკევის ლოცვაზე მარნეულის ცენტრალური მეჩეთის წინამძღვარმა, ჰაჯი ჰაჯიევმა თქვა, “გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ისმის ქალის ხმა, რომელიც ამბობს: “გამოდით, თქვენს სამშობლოში წადით”, ფაქტს კი შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩვენს ეროვნებას არა მხოლოდ შეურაცხყოფა მიაყენეს, არამედ ფიზიკური ძალადობაც განხორციელდა. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ისმის ქალის ხმა, რომელიც ამბობს: ‘გამოდით, თქვენს სამშობლოში წადით.’ ეს უმნიშვნელოვანესი შემთხვევაა, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის. ცოტა ხნის წინ მარნეულში მომხდარ ფაქტს ჩვეულებრივი შემთხვევასავით შეხედეს, თითქოს არაფერი მომხდარა, ახლა კი მსგავსი მოვლენები თბილისშიც ხდება.
არ ვიცით, ვის რა ინტერესები აქვს ამ პროცესებში, მაგრამ სახელმწიფო ორგანოებმა მოვლენებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ. თითოეულმა ადამიანმა საკუთარი მოვალეობა უნდა შეასრულოს, ხოლო საზოგადოებამ — კანონიერად დაიცვას თავისი უფლებები. საუკუნეების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ ხალხს ‘სტუმარს’ უწოდებენ და ეუბნებიან: ‘თქვენს სამშობლოში წადით.’ ეს მეტად სერიოზული საკითხია.
თუ ასეთი შემთხვევების დროს ვინმეს აკავებენ და შემდეგ მეორე დღეს უკანა კარიდან ათავისუფლებენ, ეს ნაბიჯები შედეგს ვერ გამოიღებს. მთავრობის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ მსგავსი ინციდენტების დროული პრევენცია არ მოხდება, სერიოზული პრობლემები შეიქმნება, რომელთა მოგვარება შემდეგ გაცილებით რთული იქნება”- თქვა მარნეულის ცენტრალური მეჩეთის წინამძღვარმა.
ცნობისთვის, მანჩო გიორგობიანის საქმის პროკურორმა, გიორგი დოლაკიძემ დაადასტურა, რომ განცხადებით, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებული ქალის მიმართ გამოძიება ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს.
ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.




