2025 წლის 30 ოქტომბერს JetBlue Airbus A320-ის ტიპის საფრენ აპარატს ავარიული დაშვება მოუწია. იგი კანკუნიდან (მექსიკა) ნიუარკში (ნიუ ჯერსის შტატი) მიფრინავდა, რა დროსაც ფლორიდის თავზე მოულოდნელად ვარდნა დაიწყო. საბედნიეროდ, მფრინავებმა სიტუაციის გაკონტროლება შეძლეს, თუმცა მინიმუმ 15 მგზავრი დაშავდა. ამის გამო პილოტებს ტამპას საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება მოუხდათ.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადება წინა კვირას გააკეთა. მათი თქმით, შემთხვევა “მზის ინტენსიურმა გამოსხივებამ” გამოიწვია, რომელმაც შეიძლება ფრენის მართვის სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მონაცემები არია.
ბრიტანეთის სურეის უნივერსიტეტის რადიაციის ექსპერტ კლივ დაიერის თქმით, 30 ოქტომბერს მზის გამოსხივების მაჩვენებელი იმ დონეზე ნამდვილად არ ყოფილა, რომ საფრენ აპარატზე მსგავსი ზეგავლენა ჰქონოდა.
დაიერი ალტერნატიულ ახსნასაც გვთავაზობს: მისი აზრით, საბორტო კომპიუტერს კოსმოსური სხივი მოხვდა. ეს ძლიერი ენერგიის მქონე ნაწილაკების ნაკადს გულისხმობს, რომელიც შორეული ვარსკვლავის აფეთქებამ წარმოქმნა.
“კოსმოსურ სხივებს თანამედროვე მიკროელექტრონიკაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ისინი ხშირად წრედის მდგომარეობას ცვლის: 0 შეიძლება 1-ად აქციოს ან — პირიქით. ეს ინფორმაციის არევას იწვევს ისევე, როგორც აპარატურულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგალითად, ელექტრონულ მოწყობილობაში დენს ატარებს, რის შედეგადაც იგი იწვება”, — განმარტა დაიერმა.
კოსმოსური სხივები ხშირად ჩნდება მაშინ, როცა მასიური ვარსკვლავები ფეთქდება და ზეახალებად იქცევა. ეს მოვლენა პროტონების ნაკადებს აჩქარებს, რის შედეგადაც ისინი სივრცეში სინათლის სიჩქარით იტყორცნება.
კოსმოსური სხივები დედამიწის ატმოსფეროში ხშირად შემოდის, ჰაერის მოლეკულებთან ურთიერთქმედებს და ეგზოტიკური ნაწილაკების “წვიმებს” იწვევს, მაგალითად, მიუონების, მაღალი ენერგიის ნეიტრონებისა და პოზიტრონების. სწორედ ამ დროს ხვდება ისინი თვითმფრინავის სენსორს ან საბორტო კომპიუტერს.
მსგავსი ნაწილაკები მზიდანაც იფრქვევა და ამ შემთხვევაში ისინი უფრო მძლავრი და გამანადგურებელია. შესაბამისად, როდესაც მზე აქტიურია, საფრენი აპარატი ხშირად ზიანდება. მეორე მხრივ, როგორც ვთქვით, სავარაუდოდ, 30 ოქტომბრის ინციდენტი კოსმოსური სხივების ბრალია.
იმის გამო, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათია, მწარმოებლები თვითმფრინავების დამზადებისას ამას ნაკლებად ითვალისწინებენ აღსანიშნავია, რომ კომპანია Airbus-ს დაიერის ვარაუდთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.




