„გვინდა კონცენტრატების ქარხანა ავაშენოთ და საექსპორტო პროდუქცია შევქმნათ,“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, ეს არის დიდი პროექტი, რომელიც ახლა დამუშავების პროცესშია.
გარდა ამისა, თემურ ჭყონიამ “პალიტრანიუსისა” და რადიო “პალიტრას” გადაცემაში “საქმე” იმ ბიზნეს მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ახლა მისი კომპანიებისთვის პრიორიტეტულია.
„ჩვენ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს – წყლის ბიზნესი ძალიან იზრდება და კიდევ ერთი ქარხანა უნდა ავაშენოთ. მეორე – ახლა მუშავდება, ძალიან საინტერესო პროექტი „კოკა-კოლასთან“ ერთად, შეიძლება კონცენტრატების ქარხანა ავაშენოთ და შევთავაზოთ დღევანდელ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ შესაძლებელია, ხილის ახალი ჯიშები შემოვიტანოთ და ჩვენ თვითონ მოვამზადოთ კონცენტრატები.
ამასთან, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ახლა ნარჩენების შეგროვებაზე ზრუნვა იქნება. მაგალითად, კონტრაქტი დავდეთ, რომ შუშის ბოთლი, რომელსაც ვაწვდით [ბაზარს] ჩვენ უნდა შევაგროვოთ. შემდეგი ეტაპია პლასტმასის შეგროვება. ახლა მაგალითად, მოწვეული გვყავს გერმანელი სპეციალისტი, რომელიც სწავლობს ნარჩენების რაოდენობას, შემადგენლობას. ჩვენ არ ვართ გამოყოფილი იმ პრობლემების და საკითხებისგან, რაც დღეს საქართველოს და მსოფლიოში ხდება. ეს არის გარემოს დაცვა, ადამიანის კეთილდღეობა, ხელფასების მომატება, შექმნა იმ გარემოსი, სადაც ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს. ამბობენ, გარემო ცვლის ადამიანსო, არსებობს მეორე თემა, რომ გარემოში ვლინდება ადამიანის თვისება, ამიტომ გარემო უნდა შექმნა, რომ ადამიანმა თავისი ნიჭის, ცოდნის, კულტურის რეალიზაცია მოახდინოს.
ჩვენ გვინდა იმ დონის კონცენტრატების ქარხანა ავაშენოთ, რომლის წარმოებულ პროდუქციასაც „კოკა-კოლა“ სხვა ქვეყნებს მიაწვდის, გვინდა, საექსპორტო პროდუქცია შევქმნათ. ეს ძალიან დიდი თემაა. ბიზნესის მოვალეობაა, რომ თავისი ნიჭი და შესაძლებლობა მაქსიმალურად განავითაროს, შექმნას სამუშაო ადგილები, გარემო იყოს ისეთი, რომ ადამიანმა ვინც იქ საქმიანობს, თავისი ნიჭი ბოლომდე გამოავლინოს და დაიხარჯოს“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
www.bpn.ge




