შესაძლოა, შავ ზღვაში ქაფშია შემცირდეს, რაც ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევს – თურქული მედია

შესაძლოა, შავ ზღვაში ქაფშია შემცირდეს, რაც ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევს, – ამის შესახებ სტამბოლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰიდრობიოლოგი სემ დალიანი თურქულ მედიასთან აცხადებს. მისი თქმით, ეკოსისტემაში ახალი სახეობის შესვლა ცვლის კვებით ჯაჭვს, იწვევს შავი ზღვის უნიკალური მახასიათებლების დაკარგვას.
„ეკოსისტემაში ახალი სახეობის შესვლა ცვლის კვებით ჯაჭვს, იწვევს შავი ზღვის უნიკალური მახასიათებლების დაკარგვას და შავი ზღვის ხმელთაშუა ზღვასთან მსგავსების შედეგად, შესაძლოა, მაგალითად, შავ ზღვაში შემცირდეს ქაფშია, რაც ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევს“, – აცხადებს სემ დალიანი.
გამოცემა წერს, რომ წყლის ტემპერატურის მატება შავ ზღვაში ხმელთაშუა ზღვის სახეობების შეჭრას იწვევს და არღვევს შავი ზღვის ეკოსისტემას. 1970-2023 წლებში შავი ზღვის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 15,3 გრადუსი იყო, 2023 წელს კი – 16,8 გრადუსი. წყალი თბება წითელ, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებშიც. კლიმატის ცვლილება და ზღვის ტემპერატურის მატება იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს საზღვაო ეკოსისტემებში, მაგალითად, წითელი ზღვის სახეობები ვრცელდება ხმელთაშუა, მარმარილოსა და შავ ზღვებში.
სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი ონურ გონულალი ამბობს, რომ 2020 წლის კვლევამ აჩვენა, რომ შავ ზღვაში ინვაზიური სახეობების რაოდენობა 30-ს უახლოვდება და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ასეთი სახეობების რაოდენობამ შეიძლება გადააჭარბოს ადგილობრივ სახეობებს, რაც დაარღვევს ეკოლოგიურ ბალანსს ადგილობრივ სახეობებთან კონკურენციის გამო.
წყარო: ბათუმელები