სატრანსპორტო კომპანია “ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორი, ჯაბა თარიმანაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში, საზღვაო გადაზიდვის ტარიფები სარკინიგზოს გაუტოლდეს.
როგორც მან შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მე-5 საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციაზე განაცხადა, ნულოვანი ემისიის ვალდებულების გავლენით, სამომავლოდ საზღვაო გადაზიდვა გაძვირდება, რაც რკინიგზის ნაწილში გაზრდის მოთხოვნას. სწორედ ამიტომ, ჯაბა თარიმანაშვილი მიიჩნევს, რომ მზარდი მოთხოვნისთვის მზადების დროულად დაწყება მნიშვნელოვანია.
“მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ, ასევე კერძო სექტორმა გაითვალისწინოს გლობალური კლიმატის ცვლილების შეთანხმება, ასევე “მწვანე მომავალი”, რაც სანაოსნო კომპანიებს აიძულებთ ალტერნატიულ საწვავზე გადავიდნენ. ეს თავის მხრივ გარკვეულ გაურკვევლობას ქმნის კომპანიებისთვის, რადგან ალტერნატიული საწვავები დღეს არაა ხელმისაწვდომი, ძალიან ძვირია და ავტომატურად იწვევს სანაოსნო გადაზიდვის გაძვირებას. შუა დერეფანთან დაკავშირებით ხშირად ახსენებენ, რომ არის უფრო სწრაფი, ვიდრე საზღვაო გადაზიდვა და არის უფრო იაფი, ვიდრე საჰაერო. თუმცა სამომავლოდ, ე.წ. ნეტ ზერო, ანუ სათბური გაზების გამონაბოლქვის ნულამდე დაყვანა სანაოსნო კომპანიების გადაზიდვას საკმაოდ გააძვირებს, ამასთანავე სარკინიგზო გადაზიდვა კლიმატთან მეგობრულია, ისეთი გამონაბოლქვი არ აქვს, როგორც საზღვაო ინდუსტრიას. შესაბამისად, შესაძლებელია უახლოეს მომავალში საზღვაო გადაზიდვის ტარიფები სარკინიგზოს გაუტოლდეს, რაც რკინიგზის გადაზიდვის მიმართულებით გაზრდის მოთხოვნას. ამისთვის მზად უნდა იყოს, როგორც რკინიგზა, ასევე პორტები. თუ მოთხოვნა გაიზრდება და ამისთვის ჩვენი ტერმინალები, პორტები და რკინიგზა მზად არ იქნება, ჩვენ უბრალოდ დავკარგავთ ამ პოტენციალს. ამიტომ, ამაზე მუშაობა, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს”,- აცხადებს “ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორი.
მისივე თქმით, დღეისთვის ბათუმის და ფოთის პორტები მშრალი ტვირთების მიმართულებით გამტარუნარიანობის მაქსიმუმამდე ასრულებენ ოპერაციებს, რაც ეფექტურობაზე მეტყველებს. მან მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაზრის მონაწილეები ეფექტიანობის და დერეფნის მიმზიდველობის ზრდას უნდა შეეცადონ.
“სამომავლო პერსპექტივა განვითარებასთან მიმართებით ასევე დამოკიდებულია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რადგან დღეისათვის პორტებისა და ტერმინალების მთლიანი გამტარუნარიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამის გატარება საქართველოს რკინიგზას შეუძლია. რკინიგზაზე გამტარუნარიანობა 27 მლნ ტონითაა შეზღუდული, მოდერნიზაციის პროექტი გამტარუნარიანობის 48 მლნ ტონამდე გაზრდას ითვალისწინებს, მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანია ფოთის პორტს, რომ დაემატოს გამტარუნარიანობის მოცულობა. ბათუმის პორტში მშრალი ტვირთების მოცულობის ზრდა შეზღუდულია სივრცითი შეზღუდულობის გამო. მოლოდინია, რომ დაემატება ანაკლიის პორტი, რაც გაზრდის გამტარუნარიანობაზე მოთხოვნას და ამისთვის მზად უნდა იყოს რკინიგზა. ასევე, არის მზარდი მოთხოვნა შუა დერეფნიდან, სადაც 5 მლნ ტონაა გამტარუნარიანობა, შარშანდელი მონაცემებით, 4.5 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა და იგეგმება 10 მლნ ტონამდე ზრდა”,- თქვა ჯაბა თარიმანაშვილმა.
