„შესაძლოა, მტკივნეული იყოს ექსპორტიორებისთვის“ – თხილის ექსპორტიორთა ასოციაცია ახალ რეგულაციებზე

ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მიერ 2023 წელს განხორციელებული აუდიტის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა.
„თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №185 დადგენილებას დაემატა „მოთხოვნები აფლატოქსინის პრევენციისა და შემცირებისადმი“.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორმა, ლევან ქარდავამ განაცხადა, რეგულაციების დიდი ნაწილი, რომელიც საწარმოებსა და ექსპორტიორებს ეხება, იგივე რჩება, ხოლო იმ ნაწილის შესრულება, რომელიც ექსპორტიორებისთვის შესაძლოა მტკივნეული იყოს, 2026 წლამდე გადაიდო.
„რეგულაციების დიდი ნაწილი, რომლებიც საწარმოებს და ექსპორტიორებს ეხება, რჩება იგივე. დიდ ნაწილს ისედაც ვასრულებდით. ორი ახალი რეგულაციაა, რომელიც შესაძლოა, მტკივნეული იყოს ექსპორტიორებისთვის, თუმცა ჩვენი ასოციაციის ჩართულობით ამ რეგულაციების შემოღება გადადებულია 2026 წლამდე, იმიტომ, რომ რიგი საკითხებია, რომელიც საჭიროებს დაფიქრებას და მოგვარებას“, – განაცხადა ლევან ქარდავამ.
მისი თქმით, რეგულაციების მცირე ნაწილი ფერმერებს შეეხება, ხოლო მოთხოვნები ძირითადად ლაბორატორიების მისამართით არის შედგენილი.
„რეგულაციების ნაწილი შემოდის ფერმერებისთვის, თუ როგორ უნდა მოახდინონ გაუტეხავი თხილის კრეფა, დასაწყობება და შრობა, თუმცა ამ რეგულაციების ნაწილი სხვა კანონდებლობაში იყო და ახლა უბრალოდ კონსოლიდაცია მოხდა თხილის რეგლამენტში.
ამ ეტაპზე რაც ამოქმედდა, რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას არ იწვევს ჩვენთვის: ნიმუშების აღება ისედაც ხდებოდა. რეგულაციები შემოვიდა უშუალოდ ლაბორატორიებისთვის, რომ უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სერთიფიცირებას, იმისათვის, რომ მოხდეს აფლატოქსინის კვლევა.
თხილის ქარხნები კვლავ გააგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, ყველა პარტიაზე ნიმუშის აღება და აფლატოქსინის კონტროლი მოხდება“, – განაცხადა ასოციაციის დირექტორმა.