შესაძლოა, მთამსვლელობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო ამოიხსნას – ნაპოვნია ევერესტის გზამკვლევის ნაშთები

ამ აღმოჩენამ მთამსვლელობის მთელი ისტორია, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს. გაუჩინარებიდან 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ევერესტის ერთ-ერთი გზამკვლევის ცხედარი ზედაპირზე ამოვიდა. რამდენიმე დღის წინ ნაპოვნი ამ ადამიანის ნეშტის კვლევამ შეიძლება გადაჭრას ერთ-ერთ ყველაზე დიდი დილემა ალპინიზმის ისტორიაში: პირველად როდის დაიპყრეს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი, 1953 თუ 1924 წელს?
ისტორიის სახელმძვანელოებში წერია, რომ სერ ედმუნდ ჰილარმა და თენსინგ ნორგაიმ „მსოფლიოს სახურავზე“ 1953 წლის მაისში პირველებმა დადგეს ფეხი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 29 წლით ადრე, 1924 წლის ივნისში, ორი ბრიტანელი მთამსვლელი, მელორი და ირვინი, მწვერვალთან ახლოს გაუჩინარდა. დღემდე ყველას აინტერესებს: ისინი მწვერვალზე ასვლამდე დაიღუპნენ თუ მსოფლიოს უმაღლესი მთის დაპყრობის შემდეგ, ევერესტიდან დაშვების დროს?
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი მათგანის, ჯორჯ მელორის ცხედარი, თითქმის 8 300 მეტრის სიმაღლეზე, მუმიფიცირებული იპოვეს, ახლახანს კი მისი თანამეწყვილის, სენდი ირვინის ფეხსაცმელს მიაგნეს, რომლის იდენტიფიცირება წინდაზე გაკეთებული სახელობითი წარწერით მოხდა.
ირვინის ცხედრის ნაშთებიც, შესაძლოა, სადმე სიახლოვეში იყოს. ისევე როგორც კამერა, რომელსაც მრავალი ექსპედიცია ათწლეულების განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. მისი პოვნა, თუ ფირი არ არის დაზიანებული, წარმატებული ასვლის უტყუარი მტკიცებულება იქნება.
100-წლიანი საიდუმლოს ამოხსნასთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ.
წუარო: 1 არხი-საზოგადოებრივი მაუწყებელი