“შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვდა, რომ ეს სიმღერა არსებობდა…” – ქეთევან წიკლაური მამის აქამდე უცნობ სიმღერას აქვეყნებს

“შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვდა, რომ ეს სიმღერა არსებობდა…” – ქეთევან წიკლაური მამის აქამდე უცნობ სიმღერას აქვეყნებს: თემურ წიკლაურს 78 წელი შეუსრულდებოდა – Marao
22 იანვარს მომღერალ თემურ წიკლაურს 78 წელი შეუსრულდებოდა.
მამის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისმა ქალიშვილმა ქეთევან წიკლაურმა ამ დრომდე უცნობი სიმღერა გამოაქვეყნა. ჩანაწერი ქეთევანს მამის მეგობარმა დან მიაწოდა.
„თვითონ სიმღერა მამამ ჩაწერა ისრაელში, 90-იან წლებში. შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვდა შემდეგ, რომ ეს სიმღერა არსებობდა… ავტორის გვარიც კი არ ვიცით – რომანი ისრაელიდან. ვფიქრობ, თემურის შემოქმედების თაყვანისმცემლებს ძალიან მოეწონებათ ეს სიმღერა. დავარქვი „ჩემო სიცოცხლე!’“ – წერს ქეთევან წიკლაური სოციალურ ქსელში.
თეიმურაზ (თემურ) წიკლაური ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიის“ წევრი იყო. თემურ წიკლაური დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1967 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის მსახიობი. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

თემურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985).
2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან თემურ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა.
ჰყავდა მეუღლე ლილი ზღვაური და ქალიშვილი ქეთევან წიკლაური.
გარდაიცვალა 2021 წლის 1 თებერვალს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად. დაკრძალეს კოჯორში.