შესაძლოა, ბინის ქირაზე მოთხოვნა შემცირდეს, თუმცა ფასების მასშტაბური კლება გამორიცხულია – მაია გამზარდია, Georealty
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 11.5% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 57.6%-ით არის გაზრდილი.
Georealty-ის დამფუძნებელი, მაია გამზარდია „კომერსანტთან“ ინტერვიუში ადასტურებს, რომ გასულ კვარტალთან შედარებით უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა. ფასები კი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ნელ-ნელა სტაბილურ დონეს უბრუნდება.
„უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა, რაც შეეხება ფასებს, ქირა მაინც დაბალია, რადგან ფასი რუსეთ-უკრაინის ომის პირველ წლებში ფორსირებულად იყო გაზრდილი, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. ახლა ფასები ნელ-ნელა სტაბილურდება, ცხადია, უფრო დაბალია, მაგრამ მოთხოვნა მაინც შემცირებულია. უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა გაიზარდა – ფასების ზრდის ტენდენცია ბინის შეძენაზე არ გვაქვს.
სიახლეა ის, რომ დეველოპერული კომპანიები უფრო მოქნილები გახდნენ და გადახდის სისტემა მოქალაქეების საჭიროებას მოარგეს, რამაც უძრავი ქონების შეძენა ბევრად გაამარტივა. ასევე, ბანკებიც თანადაფინანსების 10%-ს ითხოვენ, რაც მომხმარებლისთვის ასევე დიდი შეღავათია.
თუმცა, თუ ქვეყანაში მოსახლეობის შემოსავლები არ დასტაბილურდება, პრობლემები ნებისმიერი საშეღავათო პირობების არსებობის შემთხვევაში შეიქმნება“,- აღნიშნა Georealty-ის დამფუძნებელმა.
გამზარდია ბინების ქირაზე ფასის მასშტაბურ კლებას გამორიცხავს.
„ყველა ობიექტი, იქნება ეს გასაქირავებელი თუ გირავნობა, ინვესტიციას ითხოვს, იქნება ეს სრული რემონტი თუ სისტემატური სამუშაოები, ამიტომ ის მოლოდინი, რომ ქირაზე ფასი არნახულად დაიკლებს, არ გვაქვს. შესაძლოა ქირაზე მოთხოვნა შემცირდეს, თუმცა მესაკუთრე დაბალ ფასში ფართს მაინც ვერ გააქირავებს, რადგან ეს მისთვის არაეფექტიანი ინვესტიცია იქნება. თუ მოთხოვნა შემცირდება, ბინების მიწოდებაც დაიკლებს, თუმცა ეს მარტივი და სწრაფი პროცესი არ არის. ასევე დაიკლებს მოწესრიგებული ბინების რაოდენობა, რომელიც ახლა ჩვენ ბაზარზე საკმაოდ ბევრია. თუ მესაკუთრეს რეინვესტირების საშუალება აღარ ექნება, კარგი ხარისხის ბინებიც ნაკლები იქნება. ამიტომ, ქირის ფასი მხოლოდ მოთხოვნაზე ვერ იქნება დამოკიდებული“,- თქვა მაია გამზარდიამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
