ოპოზიციის აკრძალვის კანონზე ვენეციის კომისიის სამართლებრივი დასკვნა მარტში გამოქვეყნდება. ეს ნიშნავს, რომ სანამ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, არის თუ არა პარტიათა აკრძალვა კონსტიტუციური, საერთაშორისო ექსპერტებს საკუთარი შეფასება უკვე ექნებათ. ევროსაბჭოს ვებგვერდზე დათარიღებული ჩანაწერი მიუთითებს, რომ იურისტებმა კანონზე მუშაობა უკვე დაიწყეს – მათ უნდა დაადგინონ, შეესაბამება თუ არა „ქართული ოცნების“ ინიციატივა კონსტიტუციას.
კანონი, რომელიც ივანიშვილის გუნდმა ორ დღეში სამი მოსმენით დაამტკიცა, კრძალავს არჩევნებში მონაწილეობას იმ პირებისთვის, ვინც სასამართლოს მიერ გაუქმებულ პარტიებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამ ნორმაზე დაყრდნობით “ოცნების” ხელისუფლებამ თითქმის ყველა მსხვილი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა მოითხოვა და სასამართლოს მიმართა. კრიტიკოსების თქმით, ჩქარი პროცედურები და შინაარსი მის რეპრესიულ ხასიათზე მიუთითებს.
ვენეციის კომისიას კანონის შეფასება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სთხოვა. PACE-ს თანამომხსენებლები თავიდანვე მკაცრად აკრიტიკებდნენ ივანიშვილის გუნდის გეგმას და აცხადებდნენ, რომ ოპოზიციის აკრძალვა დიქტატურის გზაა და ევროსაბჭოს წევრობის სტანდარტებთან შეუთავსებელია. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ „ქართული ოცნება“ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს და საბოლოო მიზანს, ქვეყნის ევროსაბჭოდან გამოყვანას, განახორციელებს.




