შერატონის მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები სრულად აქვთ

სასტუმრო შერატონის მენეჯერის თქმით, გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე განხორციელებული თავდასხმის კადრები მათ სრულად აქვთ და შეუძლიათ საგამოძიებო უწყებებს გადასცენ.
სასტუმროს მენეჯერის ამ განცხადებას მთის ამბების მთავარი რედაქტორი, გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ჩანაწერი არსებობს ამის და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ასევე სხვა ნებისმიერ უწყებას გადავცემთ ამას. სრულად არის ჩანაწერები. ამოღებული არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ოფიციალური მომართვაა საჭირო. ჩანაწერებს ვინახავთ თუ არ ვცდები 1 თვის განმავლობაში.

რომ არ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია, რომ არ გადაზრდილიყო უფრო სერიოზულ აგრესიაში ჩვენი დაცვა შეეცადა მაქსიმალურად ყველაფერს. ჩვენ გავაცალკევეთ ისინი [ზვიად ქორიძე და თავდამსხმელები], ყველაფერი წამებში მოხდა”, – თქვა მენეჯერმა.
მთივლიშვილი ვიდეოს გამოქვეყნებისას წერს, რომ “მტკიცებულებების ნაწილის განზრახ განადგურების მიუხედავად, მაინც არსებობს სამხილები, რომ პროკურატურამ თავდამსხმელები დააკავოს”.
“შერატონის მენეჯერმა დაგვიდასტურა, რომ ორივე თავდასხმის სრული ვიდეოჩანაწერი არსებობს, ინახება, ნანახი აქვს. გამოძიებას ის ჯერ არ ამოუღია.
შერატონის წარმომადგენლებმა სცადეს რუსული რეჟიმის ჩინოვნიკების მხრიდან ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტის დამალვა, არ მიმართეს 112-ს. ზვიადი განარიდეს სასტუმროს მისაღებს და არა პირიქით. თავდამსხმელები დარჩნენ სასტუმროში ქალებთან ერთად.

ამის შემდეგ, მოძალადეები თავს ესხმიან შერატონში შესულ გიორგი გახარიას (იმედი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, თითქოს გახარიამ დაიწყო პროვოკაცია).
შერატონის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები წაშალეს პოლიციის მოსვლამდე.

პოლიციის განყოფილება შერატონიდან ნახევარი წუთის სავალზეა, მივიდნენ დიდი დაგვიანებით. მე ბევრად ადრე მივაღწიე უფრო შორი მანძილიდან. როცა პოლიციელები დანაშაულების ადგილზე მოვიდნენ, მაშინაც არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, დაბორიალობდნენ, წავიდნენ, მოვიდნენ, ისევ წავიდნენ, ისევ მოვიდნენ, დასხდნენ, ელოდნენ, წავიდნენ, მოვიდნენ.

დანაშაულის ადგილი ფორმალურად შემოფარგლეს მას შემდეგ, რაც მე და ზვიადი საავადმყოფოდან, ორსაათიანი კვლევის შემდეგ, სასტუმროში დავბრუნდით.
მტკიცებულებების ნაწილის განზრახ განადგურების მიუხედავად, მაინც არსებობს სამხილები, რომ პროკურატურამ თავდამსხმელები დააკავოს!”, – წერს მთივლიშვილი.