„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ უნივერსიტეტების შენობებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.
მისი თქმით, იმ შენობებს, რომლებიც უნივერსიტეტების იდენტობის ნაწილია, არ შეეხებიან.
ამის შესახებ კობახიძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც განაცხადა, რომ თსუ და სტუ აღარ გაერთიანდებიან.
„თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით. მაგალითად, თსუ-ს შემთხვევაში, ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში არ შევეხებით პირველ და მეორე კორპუსებს, რადგან ეს შენობები არიან თსუ-ს იდენტობის ნაწილი. ასევე, არ ვეხებით სამედიცინო უნივერსიტეტსაც. რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს, ამაზე გვქონდა დღეს საუბარი, კონკრეტულად შენობებთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა სტუ-ს ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ საბჭოსთან და ამის საფუძველზე შეგვიძლია შევჯერდეთ საერთი გადაწყვეტილებაზე. აქაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე“, – განაცხადა კობახიძემ.




