“შენი ხმა ევროკავშირს” – ამ სახელწოდებით თბილისში მსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორების ცნობით, მსვლელობა შაბათს, 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მოეწყობა. აქცია-მსვლელობის ორგანიზატორები კი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.
“8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. მაგრამ, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, როგორც მანამდეც, ევროკავშირს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა და გავაგონოთ ჩვენი ხმა. შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, სტუდენტსა თუ პენსიონერს, საჯარო მოხელესა თუ პოლიტიკოსს, ვისთვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, გიწვევთ, რომ თქვენი ხმა შეუერთოთ სხვებს და საკუთარი წვლილი კიდევ ერთხელ შეიტანოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში. მარში 9 დეკემბერს, შაბათს, რესპუბლიკის მოედნიდან, 14 საათზე დაიძრება ევროპის მოედნისკენ. P.S. არ დაგავიწყდეთ, თან იქონიოთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ან უბრალოდ დიდ ფურცელზე დაწერილი თქვენი სათქმელი ევროკავშირისთვის”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.