ხვალ თბილისში გაიმართება არასამთავრობოების მიერ ორგანიზებული მარში სლოგანით – “შენი ხმა ევროკავშირს”. ცნობილია, რომ ღონისძიებას შეუერთდება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ცნობილია, რომ მარშს შეუერთდება “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, პარტია “საქართველოსთვის”. ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ “ქართული ოცნების” წევრები.
“საზოგადოებასთან ერთად ჩვენც, პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ვაჩვენოთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს და ჩვენ საზოგადოებასაც, რომ ერთადერთი სუბიექტი, რომელიც რეალურად წინააღმდეგი იყო ქვეყნის მიერ სტატუსის მიღების, იყო ქართული ოცნება, იგივე რუსული ოცნება”, – თქვა ლევან ბეჟაშვილმა.
მარშს შეუერთდება პარტია “ლელოც”.
“ლელო მიიღებს მონაწილეობას მარში, როგორც იღებს მონაწილეობას ყველა ღონისძიებაში, სადაც არის გამოხატული მხარდაჭერა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, მაგრამ მთავარი მარში ამ ქვეყნის გაიმართება საპარლამენტო არჩევნებზე, მომავალ წელს, როცა ჩვენ რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.
მარშს და მთავრობის მიერ დაგეგმილ ზეიმს უერთდება პარტია “საქართველოსთვის”.
“ხვალაც ჩვენი პარტიის წევრები იქნებიან ამ ღონისძიებაზე, ზეიმი რომ გაიმართება, რაღაც ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, 15 დეკემბერს, იქაც ვიქნებით წარმოდგენილები და ზოგადად სადაც ჩვენი მოქალაქეები სახელმწიფოებრივ საკითხებს და მნიშვნელობის თემების მიმართ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, ყოველთვის იქ ვიქნებით”, – თქვა ბექა ლილუაშვილმა.