„შენი საგადასახადო მრჩეველი“ – რას წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსი და ვის შეიძლება მიენიჭოს

ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას „შენი საგადასახადო მრჩეველი“.

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ – „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

31 იანვრის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა, მცირე ბიზნესის სტატუსს მიეძღვნა.

რას წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსი და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი სტატუსის მისაღებად.

მცირე ბიზნესის სტატუსი არის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი, რომელიც მიენიჭება მეწარმე ფიზიკურ პირს მას შემდეგ, რაც იგი მიმართავს საგადასახადო ორგანოს ამ სტატუსის მიღებისთვის. ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ:

• არ წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს
• ახორციელებს მცირე ბიზნესის სტატუსისთვის აკრძალულ საქმიანობას
• ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელზეც საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრულია ფიქსირებული გადასახადი.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-ით. იმ შემთხვევაში თუ მისი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბებს 500 000 ლარს, იგი დაიბეგრება 3%-იანი განაკვეთით გადაჭარბების თვის დასაწყისიდან იმავე კალენდარული წლის ბოლომდე. მაგალითად: თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის 2022 წლის დასაბეგრი შემოსავალი ოქტომბრის თვეში გადასცდა 500 000 ლარს, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში იგი დასაბეგრ შემოსავალს დაბეგრავს 3%-ით, ხოლო 2023 წლიდან კვლავ დაუბრუნდება 1%-იან განაკვეთს.

დავით ღავთაძის განმარტებით, მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება თუ ახორციელებს ამ სტატუსისათვის აკრძალულ საქმიანობას. ესენია:
• ყველა ის საქმიანობა რომელიც საჭიროებს ლიცენზიას ან ნებართვას, გარდა საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით ტაქსით გადაყვანის საქმიანობისა;
• საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას;
• სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
• სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო საქმიანობები;
• სათამაშო ბიზნესი;
• პერსონალით უზრუნველყოფა;
• აქციზური საქონლის წარმოება.
გარდა აკრძალული საქმიანობებისა, გასათვალისწინებელია ასევე შემოსავლების ის სახეები, რომლებიც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვისაც საერთო წესით იბეგრება. ესენია:
•ქონების იჯარით ან ქირით გაცემა
•სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი
•სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები
•ჩუქებით მიღებული სარგებელი
•ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია უძრავი ქონების, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით
•მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი
•მიღებული დივიდენდი, პროცენტი ან როიალტი
•ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი
•პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი
როდის იხსის საშემოსავლო გადასახადს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი საშემოსავლო გადასახადს იხდის და შესაბამის დეკლარაციას წარადგენს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთანავე, თუ აღნიშნული პირი ასევე ეწევა ჩვეულებრივი წესით დასაბეგრ საქმიანობას, ამ ნაწილში ვალდებულია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია.

რა შემთხვევაში უქმდება სტატუსი

მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება იმ შემთხვევაში თუ:

•მან თავისი ნებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, სტატუსის გაუქმებისათვის;
•თუ მისი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა ზედიზედ, 2 კალენდარული წლის განმავლობაში, თითოეულ კალენდარულ წელს გადააჭარბა 500 000 ლარს;
•თუ იგი განახორციელებს მცირე ბიზნესის სტატუსისთვის აკრძალულ საქმიანობას;
•თუ იგი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ