„შენი საგადასახადო მრჩეველი“ – საგადასახადო დავის წარმოების პროცესი საქართველოში

ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას „შენი საგადასახადო მრჩეველი“.
„შენი საგადასახადო მრჩეველი“ – „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს,
მორიგი გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონის“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღანელი ქეთევან ღამბაშიძე უძღვებოდა საგადასახადო დავის წარმოების პროცესს მიეძღვნა.

რა არჩევანი აქვს გადასახადის გადამხდელს, რომელსაც დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები ეკისრება და როგორია საგადასახადო დავის წარმოების პროცესი და ზოგადი პრინციპები საქართველოში

შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული სრული ან თემატური საგადასახადო შემოწმებით, (ან კონტროლის სხვა პროცედურებით) შესაძლოა, გადასახადის გადამხდელს დაეკისროს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები და ასევე სანქციები – ჯარიმის და საურავის სახით. ამ შემთხვევაში პირს აქვს სამი სავარაუდო არჩევანი:
პირველი – დათანხმდეს და აღიაროს საგადასახადო ვალდებულებები;
მეორე – მოითხოვოს საგადასახადო შეთანხმება დავალიანების ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამგვარი შეთანხმება ძირითადად ეხება ჯარიმა/საურავის თანხებს და არა გადასახადის ძირითად თანხას;
მესამე – გაასაჩივროს საგადასახადო შემოწმების შედეგები ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ან სასამართლოში.

ქეთევან ღამბაშიძის თქმით, პრაქტიკა ასევე აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგი გადამხდელი, დავის დასაწყებად პირდაპირ სასამართლოს მიმართავს, რამაც შესაძლოა გარკვეული სირთულე გამოიწვიოს, რადგან, სასამართლო დიდი ალბათობით არ შეისწავლის საქმეს, სანამ დავის საგანს წინა ინსტანცია არ გაივლის. ამდენად, იმისათვის რომ დაზოგოთ დრო და რესურსი, ქეთევან ღამბაშიძის თქმით, საჭიროა იმ ზოგადი პრინციპების ცოდნა, რომელიც საგადასახადო დავის წარმოებას ეხება.
„დავის პროცესის დაწყებამდე, გადამხდელმა ობიექტურად უნდა შეაფასოს ყველა ის არგუმენტი, რის საფუძველზეც გეგმავს თავის პოზიციის დაცვას და ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადამხდელს შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა. ასევე გახსოვდეთ, რომ დავის პროცესში დარიცხულ ძირითად გადასახადებზე საურავის დარიცხვა გრძელდება. ამდენად, დავის საგნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დავის პროცესის რეალური ვადების გათვალისწინებით, ჯამური გადასახდელი თანხა იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე თავდაპირველ საგადასახადო მოთხოვნაშია აღნიშნული.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან: პირველი ინსტანცია – შემოსავლების სამსახური და მეორე ინსტანცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.

ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივანის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, შესაბამისად შეუძლებელია დავის შედეგად გადამხდელს დაერიცხოს იმაზე მეტი, ვიდრე თავდაპირველი შემოწმების შედეგებით უკვე დაერიცხა.

თუ კი გადაწყვიტეთ საგადასახადო დავის პროცესის დაწყება გახსოვდეთ, რომ შემოწმების შედეგების გასაჩივრებისთვის განკუთვნილი ვადა არის 30 კალენდარული დღე. საჩივრის წარდგენა შეგიძლიათ წერილობით ან ელექტრონულად გადამხდელის რს. პორტალზე შესაბამისი მოდულის გამოყენებით.

შემოწმების შედეგად გამოცემული ბრძანება, გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში, ძალაში შედის მომჩივანისთვის ჩაბარებიდან 31-ე დღეს.

კანონით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს 20 დღის ვადაში. მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აღნიშნული ვადა ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტ ხანს მოითხოვს. მომჩივანს უფლება აქვს, თავისი ინტერესები დაიცვას პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, მაგალითად კვალიფიციური საგადასახადო კონსულტანტის მონაწილეობით.

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება გადამხდელს. მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მას უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან ამჟამად უკვე 20 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს შემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში.

გადაწყვეტილების გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში, ის ძალაში შედის მომჩივანისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს.

ასევე გახსოვდეთ, რომ სადავო დავალიანების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ყადაღა დაადოს: პირის ქონებას ან/და პირის საბანკო ანგარიშებს, სადავო დავალიანების ფარგლებში. ყადაღის დადება არ გამოიყენება და უკვე გამოყენებული ღონისძიება უქმდება, თუ: გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი; ასევე, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება. შესაბამისად, ხსენებული ყველა ღონისძიება და წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალება გაუქმებულად ჩაითვლება, თუ კი საგადასახადო დავა გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ გადაწყდება.“- აცხადებს „გრანთ თორნთონის“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი.