„შენი საგადასახადო მრჩეველი“ – რა შემთხვევაში უწევს პირს დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაცია და რა მნიშვნელოვან გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება

ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას „შენი საგადასახადო მრჩეველი“.

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ – „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის ავტორი „გრანთ თორნთონის“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღანელი ქეთევან ღამბაშიძეა.

მიმდინარე კვირის გადაცემა დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას მიეძღვნა.

რა შემთხვევაში უწევს პირს დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაცია. როგორც „გრანთ თორნთონის“ საგადასახადო მიმართულების ხელმძღანელი აცხადებს, ასეთი ოთხი შემთხვევა არსებობს.

პირველი – თუ პირის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების ოპერაციების ჯამი გადააჭარბებს 100,000 ლარიან ზღვარს. ასეთ შემთხვევაში, პირმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ს რეგისტრაციის თაობაზე.

მეორე – რეგისტრაცია სავალდებულოა ასევე იმ პირისათვის, რომელიც საქართველოში აწარმოებს აქციზურ საქონელს. ამ შემთხვევაში, პირი ამგვარი საქონლის მიწოდებამდე, ვალდებულია დადგეს დღგ-ს გადამხდელად.

მესამე – ვალდებულება ეხება რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ პირს, იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის რომელიმე მხარე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირია. ამდენად, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ პირს, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება აქვს რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა

მეოთხე – დღგ-ს გადამხდელად უნდა დადგეს პირი თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პარტნიორისგან ან, ამხანაგობის შემთხვევაში, წევრისგან, შენატანის სახით მიიღო საქონელი თუ მომსახურება. რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

რა მნიშნელოვან გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ქეთევან ღამბაშიძს განცხადებით, ეს არის სწორედ სავალდებულო რეგისტრაციისთვის 100,000 ლარიანი ზღვარის განსაზღვრა.

ქეთევან ღამბაშიძემ ასევე ისაუბრ იმის შესახებაც თუ, რა სახის ოპერაციები შეიტანება ამ ჯამურ თანხაში.

„არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში ჩანაწერმა „დღგ-თი დასაბეგრი საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება“, რადგან აღნიშნულ ზღვარში, საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ამ ჯამური თანხის განსაზღვრისას, ასევე გაითვალისწინება რიგი სხვა ოპერაციები, რომელიც არ იბეგრება დღგ-თი ჩათვლის უფლებით თუ მის გარეშე. ასე მაგალითად, აუცილებლად უნდა გაითალისწინოთ ფინანსური და უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციები, ოღონდ იმ პირობით, რომ მათი განხორციელება წარმოადგენს პირის ძირითად საქმიანობას. ასევე უნდა გაითვალისწინოთ საქონლის ექსპორტის ოპერაციები – მაგალითისთვის, ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა (მაგ. საექსპედიტორო მომსახურება და სხვა.)

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის ავანსის მიღება. მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ავანსი საქონლის/მომსახურების გაწევამდე გადახდილ სრულ ან ნაწილობრივ ღირებულებას, ითვლება, რომ ავანსი წარმოადგენს დღგ-ით დაბეგვრის დროს და არა განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციას. ამდენად, ავანსის მიღების დრო მნიშნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ უკვე ხართ დღგ-ს გადამხდელი და შესაბამის საანგარიშო პერიოდზე გიწევთ მიღებული ავანსიდან დღგ-ს დეკლარირება და გადახდა. ხოლო დღგ-ს არაგადამხდელი პირისთვის, მიუხედევად იმისა რომ ავანსის თანხა შესაძლოა აჭარბებდეს 100,000 ლარს, ავანსის მიღებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება არ წარმოეშვება და აღნიშნული თანხა ასევე არ ჩაირთვება რეგისტრაციისთვის სავალდებულო – 100,000 ლარიანი ზღვარის განსაზღვრაში,“- აღნიშნა ქეთევან ღამბაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ