„შენი საგადასახადო მრჩეველი“ – რა არის აქციზი და რა განსხვავებაა აქციზის განაკვეთებში

„შენი საგადასახადო მრჩეველი“ – „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

29 ნოემბრის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა აქციზის თემას მიეძღვნა.

რა არის აქციზი?
აქციზი არის არაპირდაპირი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი. მისი გადამხდელები არიან შემდეგი სუბიექტები:
· პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში;
· პირი რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს ან ექსპორს;
· პირი რომელიც ახორციელებს ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას;
· პირი რომელიც ახორციელებს მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებას;
· პირი, რომელიც ახორციელებს თავის მიერ იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმის მიწოდებას.
გაითვალისწინეთ, რომ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებულ საქონელზე აქციზის გადამხდელად ითვლება საქონლის მწარმოებელი.
აქციზით დაბეგვრის ობიექტია:
ა) დასაბეგრი ოპერაცია;
ბ) აქციზური საქონლის იმპორტი;
გ) აქციზური საქონლის ექსპორტი.
აქციზით დასაბეგრ ოპერაციებად და მათ განხორციელების მომენტად ითვლება შემდეგი:
· მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი;
· მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის დამკვეთისათვის გადაცემის მომენტი;
· საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის არააქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენების დაწყების მომენტი;
· ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების მომენტი;
· საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის მომენტი;
· მწარმოებლის ან იმპორტიორის მიერ თამბაქოს ნაწარმის მიწოდების მომენტი.
აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება შემდეგი სახით:
· ალკოჰოლიანი სასმელისათვის – მისი მოცულობით, მასში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით;
· თამბაქოს ნაწარმისათვის (გარდა ნედლეულისა და ნარჩენებისა) − თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით;
· თამბაქოს ნედლეულისათვის ან ნარჩენებისათვის – მათი წონით;
· ნავთობპროდუქტისათვის – მათი წონით ან მოცულობით;
· მსუბუქი ავტომობილისთვის და მოტოციკლისთვის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა და კლასიკური ავტომობილისა) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;
· ბუნებრივი აირისათვის – აირის მოცულობით;
· ბუნებრივი აირის კონდენსატისათვის ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირისათვის – წონით;
· საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის შემთხვევაში − ზარის ხანგრძლივობის მიხედვით.
· ელექტრონული სიგარეტის სითხისათვის − სითხის მოცულობით.
აქციზის განაკვეთი განსხვავდება დასაბეგრი საქონლის ან ოპერაციის სახეობის მიხედვით და ყველა მათგანზე განისაზღვრება ინდივიდუალურად.
განვიხილოთ აქციის ჩათვლა:
პირს, რომელიც ახორციელებს აქციზით დასაბეგრ ოპერაციას ან აქციზური საქონლის ექსპორტს, უფლება აქვს, მიიღოს საგადასახადო ჩათვლა მიწოდებული აქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებულ სხვა აქციზურ საქონელზე ან ნედლეულზე გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით და დაიბრუნოს აქციზი დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს მისგან წარმოებულ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა. ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება ანგარიშ-ფაქტურის ან/და საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე.
გაითვალისწინეთ, რომ თუ აქციზური ნედლეულიდან ერთდროულად იწარმოება სხვა აქციზური და არააქციზური საქონელი, ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ წარმოებული აქციზური საქონლის რაოდენობის პროპორციულად, მაგრამ არა უმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა.
აქციზის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე. იგი გადახდას ექვემდებარება არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. საქონლის იმპორტის შემთხვევაში აქციზი გადაიხდება იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება:
· აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელი;
· თამბაქოს ნაწარმი (მათ შორის, თამბაქოს ნედლეული ან ნარჩენები);
· ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან მის გარეშე.
არსებობს აქციზისგან გათავისუფლება, როგორც ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით ნიშნავს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება აქციზის დარიცხვას და გამოიყენება ჩათვლის უფლება. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლების გარეშე ნიშნავს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება აქციზის დარიცხვას თუმცა არც ჩათვლის უფლება გამოიყენება. აქციზისაგან გათავისუფლებულ ოპერაციებს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლი.

ასევე დაგაინტერესებთ