კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას მტკიცებით, ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი “ქვეყანაში არსებულ ძალიან დაძაბულ სიტუაციას თავისი პოლიტიკური კარიერისთვის” იყენებს. მისი თქმით, ბერიკაშვილი სუსტი დეკანი იყო და მასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა – მხოლოდ უნივერსიტეტის გამო.
“ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ლექტორებო, პროფესორებო, მასწავლებლებო, ჩემო საყვარელო თანამშრომლებო, რაც სოსო ბერიკაშვილმა დღეს იკადრა, არის ღალატი ყველაფრის, სტუდენტების, უნივერსიტეტის, მისი ოჯახის, რასაც თვითონ აკეთებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
მისი საქციელი არის სამარცხვინო, რადგან ამ ძალიან დაძაბულ სიტუაციას ქვეყანაში იყენებს თავისი პოლიტიკური კარიერისთვის.
საჯაროდ ვაცხადებ, არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო. ის იყო ყველაზე სუსტი დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში და ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მასთან მქონდა რთული ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის გამო, ბოლოსდაბოლოს იძულებული გავხდი სამსახურიდან გამეშვა, სამწუხაროდ დაემთხვა იმ დროს, რაც მან შესანიშნავად გამოიყენა” – ამბობს შენგელია.
14 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის უკვე ყოფილმა დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ “29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დაიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან ბიძინას ვაგინებდი”. მისივე ინფორმაციით, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და სამსახურიდან “რეორგანიზაციის საბაბით” გაუშვეს.
ამის შემდეგ, ჟურნალისტმა ნიკო ნერგაძემ დაწერა, რომ 10 წელზე მეტია კავკასიის უნივერსიტეტში ასწავლის, თუმცა მიმდინარე სემესტრი უკანასკნელი იქნება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის პოზიციის გამო. იგივე გადაწყვეტილება მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა – მათ შორის, ლევან ბერძენიშვილმა, ნინიკო რობაქიძემ, დავით ქაშიაშვილმა, სალომე უგულავამ, დავით ბერძენიშვილმა, რუსიკო კობახიძემ, ლიკა მერაბიშვილმა, ლევან მოსეშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია ერთ-ერთია 38 რექტორს შორის, ვინც რეჟიმის მხარდამჭერ განცხადებას ხელი მოაწერა, სადაც ხაზგასმულია, რომ “პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს”.