შენგელიას 25 ქულა და ბოლონიელთა დასანანი მარცხი “ცრვენა ზვეზდასთან”

თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაშის მიუხედავად “ვირტუს ბოლონიამ” ევროლიგაში მორიგი მატჩი წააგო და 14 მატჩიდან 2 მოგებით ბოლო ადგილზე იმყოფება. ბოლონიელებმა ევროლიგის მე-14 ტურის მატჩი შინ, ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” გამართეს და ბოლო წუთებზე შეხვედრა 87:94 დათმეს.
შენგელია თავის გუნდში ბომბარდირი გახდა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:52 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 17-დან 10 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი
9-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ამ მხრივ თანაგუნდელთა შორის ის მხოლოდ ვილ კლაიბერნს (38) ჩამორჩა, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. “ცრვენა ზვეზდას” რიგებში საუკეთესოები აიზია კანაანი (26 ქულა), ლუკა მიტროვიჩი (21 ქულა) და ფილიპ პეტრუშევი (20 ქულა) იყვნენ.
ევროლიგის შემდეგ ტურში “ვირტუსი” 12 დეკემბერს სტუმრად “ბასკონიას” შეხვდება, სადაც წლების მანძილზე თამაშობდა, ახლა კი ბასკონიელთა რიგებში საქართველოს ნაკრების ახალი წევრი, კამარ ბოლდუინი ასპარეზობს.
GBF.GE