თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაშის მიუხედავად, “ვირტუს ბოლონია” იტალიის თასის გათამაშებას გამოეთიშა. ეს მოხდა პირველივე, მეოთხედფინალურ რაუნდში, სადაც ბოლონიელთა მეტოქე თასის მოქმედი, შარშანდელი გამარჯვებული “ოლიმპია მილანო” გახლდათ. ეს გუნდები იტალიაში წამყვანები არიან, თუმცა მიმდინარე სერია A უხეიროდ დაიწყეს და როდესაც თასის გათამაშებისთვის განთესვა მოხდა, სერია A-ში შეუფერებლად დაბალ – IV-V ადგილებზე იყვნენ და ერთმანეთს თასზე ნაადრევად შეხვდნენ.
მატჩი მილანელთა დამაჯერებელი გამარჯვებით – 91:77 დასრულდა. შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე ჯამში 27 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 6 ორქულიანი და
2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 8 მოხსნა (მატჩში უმეტესი) და 3 პასი დაგროვდა. თორნიკეზე შედეგიანად ბოლონიელთაგან მხოლოდ მუჰამეტ დიუფმა იასპარეზა, რომელმაც 20 წუთში 20 ქულა მიითვალა.
მილანურ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო დანიური პასპორტის მქონე შეივონ შილდსი გახლდათ. შილდსმაც 27 წუთი ითამაშა და 19 ქულა, 4 პასი და 2 მოხსნა დააგროვა. მასთან ერთად მილანელებს ზაკ ლიდეომ ულიდერა – 16 ქულა, 7 მოხსნა.
შენგელიას გუნდისთვის იტალიის თასის წლევანდელი გათამაშება დასრულდა. ქართველი ფორვარდი ცოტას დაისვენებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შემოუერთდება, რომელიც ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის უმნიშვნელოვანელი მატჩებისთვის ემზადება.
GBF.GE
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ed11c318a976c2cb6c445830169a6e45-oea27N-240x300.jpeg)