დევნილების შემწეობის გაზრდის მოთხოვნით შემუშავებულ პეტიციას, 14 ნოემბრის მონაცემებით, 10 127 ადამიანი აწერს ხელს. დოკუმენტი პარლამენტში 16 ნოემბერს შევა. ხელმოწერები 8 ნოემბრიდან ერთ კვირაში შეგროვდა.
„დევნილები წარმოადგენენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს, რომელთა 45-ლარიანი შემწეობა წლებია, არ გაზრდილა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკიდურესად მოიმატა ფასებმა ყველაფერზე. შესაბამისად, აღნიშნული შემწეობა ვერანაირად ვერ პასუხობს დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებს. გამომდინარე დევნილთა საჭიროებებიდან, გამომდინარე უამრავი გამოკითხვიდან, რომელიც ჩავატარეთ დევნილთა შორის, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია და 2024 წლის ბიუჯეტში 45- ლარიანი შემწეობა გაუთანაბროთ საარსებო მინიმუმს. ასევე, გთხოვთ მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა (მათ შორის სახელფასო ზღვარი და საზღვრის კვეთა). ჩვენი ღრმა რწმენით, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს დევნილთა თემის სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე და არა მის დასუსტებაზე“, — ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარს შეადგენს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი — 222.2 ლარს.
დევნილების მოთხოვნებთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ასოციაციის „დევნილები დევნილებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარესა და პეტიციის ავტორს, ირაკლი ტორუას ესაუბრა.
„დაახლოებით 12-13 წელია უკვე, რაც დევნილები 45-ლარიან შემწეობას იღებენ. ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ დავანახოთ ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც, რომ დევნილობა, პირველ რიგში, პოლიტიკური სტატუსია. მინისტრმა [ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა] გააჟღერა, რომ ეს სიმბოლური თანხაა. თუ ეს სიმბოლური თანხაა, ეს სიმბოლოც ნამეტანი გაუფასურებულა“, — ამბობს ირაკლი ტორუა.
ირაკლი ტორუა ასევე გვეუბნება, რომ ხელისუფლების ერთგვარი სტრატეგიაა, დევნილის სტატუსს ყოველგვარი ფინანსური შემადგენელი თანდათან გამოაცალოს. თუ დევნილის სახელფასო ანაზღაურება 1250 ლარს შეადგენს, მას დევნილის შემწეობა ეხსნება. ირაკლი ტორუას ინფორმაციით, სახელმწიფო აპირებს, რომ ეს ზღვარი დაწიოს.
„დევნილს შემწეობა უჩერდება საზღვრის კვეთის შემთხვევაშიც. არ არის აქ საუბარი ემიგრაციაში წასვლაზე. სამკურნალოდაც რომ მიდიოდეს, სანამ დაბრუნების შემდეგ არ მიაკითხავს განცხადებით, რომ აღუდგინონ, დევნილს შემწეობა უჩერდება და აღდგენის შემთხვევაში, არც იმ თანხას მისცემს ვინმე, რაც არ აუღია. თუ დევნილი სოციალურ დახმარებას იღებს, ის იძულებულია არჩევანი გააკეთოს, რომელ შემწეობას აიღებს. სოციალურად დაუცველი თუ არის დევნილი, განა რამდენს უხდის მას სახელმწიფო, რომ ეს 45-ლარიანი შემწეობაც მოუხსნას. რატომ, მოეჭარბება?!“ — ამბობს ირაკლი ტორუა.
ტორუას თქმით, სანამ დევნილები საკუთარ მხარეს და სახლ-კარს არ დაუბრუნდებიან, დევნილების საკითხი „დამოკლეს მახვილივით უნდა ეკიდოს ყველა ხელისუფლების თავზე“.
„დაგვაბრუნონ, გინდა, ომით, გინდა, მშვიდობით და არავითარი შემწეობა ჩვენ აღარ დაგვჭირდება. იქით დავეხმარებით სახელმწიფოს“, — ამბობს ტორუა.
ასოციაცია „დევნილები დევნილებისთვის“ იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს მათ მოთხოვნას დევნილთა შემწეობის გაზრდასთან დაკავშირებით.