შემცირებულ ინვესტიციებსა და გრანტების შეჩერებას მთავრობა, სავარაუდოდ, შიდა ვალით დააკომპენსირებს, რაც მაღალი ინფლაციის რისკია – ირაკლი მაკალათია

ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია ვარაუდობს, რომ 2025 წელს მთავრობა შეჩერებული გრანტებისა და ევროკავშირის დაფინანსების კომპენსირებას შიდა ვალით შეეცდება.
მაკალათია “კომერსანტთან” განმარტავს, რომ მთავრობის პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით და იმ ფონზე, როცა ბიუჯეტში სახელმწიფო სექტორის დაფინანსება იზრდება, ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ საგარეო ვალის აღება შეძლოს. ამიტომაც, ფინანსთა სამინისტრო ბაზარზე აქციებსა და ობლიგაციებს გამოიტანს, რაც საბოლოო ჯამში ინფლაციას წაახალისებს.
,,2025 წელს, პროგნოზები რაც გვაქვს, 5-იდან 6%-მდე ეკონომიკური ზრდა, საკმაოდ დაბალია.
ეს ნიშნავს, რომ მცირე ეკონომიკა გვაქვს. წარმოიდგინეთ, 100 ლარი რომ გაქვს და 105 ან 106 ლარი გიხდება. ეს არის ეკონომიკის 6%-ით გაზრდა, რეალურად, ეს არც არაფერს ცვლის, იგივე დინებას მივყვებით, რა დინებაც გვქონდა.
სახელმწიფო ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საჯარო სექტორში კიდევ უფრო იზრდება ხელფასები. იმ ფონზე, როცა დასავლეთიდან ფინანსების შემცირებას, ბიზნესის ნაკლებ აქტიურობას ელოდები და კიდევ უფრო ზრდი სახელმწიფო ხარჯებს, ცხადია, ეს ფული შესავსები რჩება ბიუჯეტს. საიდან უნდა შევავსოთ? საგარეო ვალის აღების თითქმის ყველა გზა მოჭრილია, რასაც, ალბათ დააკომპენსირებენ შიდა ვალით.
2025 წელს სავარაუდოდ, შიდა ვალის ზრდით შეეცდებიან დააკომპენსირონ ბიუჯეტი, რაც ინფლაციაზე პირდაპირ მოქმედებს.
მოკლედ რომ ავხსნათ, ფინანსთა სამინისტრო თავის ობლიგაციებს გამოუშვებს ბაზარზე, ამას ყიდულობენ კომერციული ბანკები, მიღებული ფულით მთავრობა თავის ფინანსურ ვალდებულებას გაისტუმრებს, სამაგიეროდ, კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა შეექმნებათ, ანუ ფულის რეალური მაჩვენებლები შეუმცირდებათ და ახალი სესხის გაცემის დროს მათ დამატებითი ფულის გამოშვება მოუწევთ, რაც უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფლაცია იქნება.
როცა ასეთი ეკონომიკური მდგომარეობაა და მაღალი ინფლაცია, ცხადია, ეს ყველაფერი გაცვლით კურსზეც აისახება, ასევე, იმპორტზე დამატებით წნეხს მოახდენს”,- აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ ,,კომერსანტთან” ინტერვიუში.