აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორის ზურაბ ლალაზაშვილის შეფასებით, 2024 წლის მეორე ნახევრიდან, შემცირებულია მოთხოვნა სერვისებზე, რომლებიც ახალ ინვესტორებს სჭირდებათ.
„ჯერჯერობით, ისევ ამ სიტუაციაში ვართ“, – განაცხადა მან BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“, სადაც საუბრის მთავარი თემა პოლიტიკური კრიზისის ბიზნესაქტივობაზე გავლენა იყო.
ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, რა თქმა უნდა, შარშან რამდენიმე ახალი კომპანია შემოვიდა, მაგრამ BDO-ს სერვისებზე მოთხოვნის ანალიზი და სხვა ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებთან გაცვლილი ინფორმაცია აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აქტივობა მაღალი არ იყო.
„ჩვენთვის, დაკვირვების კარგი საშუალებაა, ბაზარზე რა ტიპის სერვისებზეა მოთხოვნა. არსებულ ინვესტორებს სულ სხვა ტიპის სერვისი სჭირდებათ, ხოლო უცხოელი ინვესტორები როცა შემოდიან, მათ სხვა სახის პროდუქტი ესაჭიროებათ და როცა ეს უკანასკნელი იკლებს, მსგავს ტენდენციებს ჩვენ ყოველთვის უარყოფითად ვაფასებთ კომპანიის შიგნით, რადგან გამოდის, რომ ახალი კომპანიები არ შემოდიან საქართველოში, უცხოელები არ ინტერესდებიან საქართველოთი, რაც ჩვენთვის იმის ინდიკატორია, რამდენად საინტერესოა საქართველო…
[შარშან] ძალიან ცოტა იყო უცხოური კომპანიები, ვისაც აინტერესებდა საქართველოში საქმიანობის დაწყება და შესაბამისად, სჭირდებოდა ისეთი სერვისები, როგორიცაა: კანონმდებლობა, საგადასახადო საკითხები, რჩევები და ა.შ. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის სერვისებზე მოთხოვნა, გასული წლის მეორე ნახევრიდან უფრო მეტად არის შემცირებული და ჯერჯერობით, ამ სიტუაციაში ვართ“, – განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში ზურაბ ლალაზაშვილმა „BDO საქართველოს“ 2024 წელიც შეაჯამა და თქვა, რომ ჯამურად, კომპანიას 2023 წელზე უკეთესი შედეგები ჰქონდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციაზე მათზეც აისახა.
„რა თქმა უნდა, ნოემბერ-დეკემბრის პროცესების გამო, კომპანიებმა გარკვეული ტიპის პროექტები შეაჩერეს და შესაბამისად, ჩვენი სერვისები აღარ იყო მოთხოვნადი“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება 2025 წლის გეგმებს, ზურაბ ლალაზაშვილი ამბობს, რომ ეს წელი ფრთხილი და მკაცრი რეჟიმით დაგეგმეს.
შეგახსენებთ: BDO-მ საქართველოში აუდიტორული ფირმების მთლიანი შემოსავლების რეიტინგში 2023 წლის შედეგებით, პირველი ადგილი დაიკავა. კომპანიამ წლის განმავლობაში თითქმის 22 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
