“შემოსულია წყალი, დაზიანებულია ყველაფერი” | შავი ზღვის სანაპიროზე სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

შავი ზღვის სანაპიროზე სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. შტორმმა, ქარიშხალმა, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და ანაკლიაში ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ბათუმში დატბორილია ახალი ბულვარი და სამანქანო გზები. ზღვის ნატანით არის სავსე საფეხმავლო ბილიკი. ქობულეთში დაიტბორა კაფე-ბარები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ძლიერმა ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებულია ავტომობილებიც.
სანაპირო ზოლზე მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ სტიქიის სიძლიერემ გუშინ 8 ბალს მიაღწია. ს სანაპირო ზოლზე კი დღეს 6-ბალიანი შტორმი ფიქსირდება.
“დაზიანებულია ყველაფერი, შემოსულია წყალი, სილა. დატბორილია ყველაფერი და აგერ ასუფთავებენ ბიჭები ყველაფერს. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მთლიანად, სულ შემოვიდა წყალი რამდენჯერმე, ვერც კარი დავხურეთ, ვერც ვერაფერი. სასწაული მდგომარეობა გამოვიარეთ წუხელ… ძალიან დიდი [ზარალი მოგვადგა], გაფუჭებულია ყველაფერი – პროდუქტი, სკამები, მაგიდები. ყველაფერი წაიღო წყალმა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.