შემოსავლების სამსახური სომხური ტვირთების ,,ბლოკირების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

სატვირთო ავტომობილების მიმართ, არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი – ასე ეხმაურება შემოსავლების სამსახური თავდაპირველად უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს საზღვარზე სომხეთში მიმავალი LPG-ით დატვირთული ავტომობილების ხელოვნური შეფერხება ხდება.
უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ მსგავსი ბრალდებები „სრული სიცრუეა“ და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას.
” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედია საშუალებითა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ, გაკეთებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში, სომხური ტვირთების (მათ შორის გაზპროდუქტების) თითქოს ,,ბლოკირების“ შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული არის სრული სიცრუე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას.
აქვე განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სანტრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება. ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედია საშუალებების მიერ, გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა (გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები) არ ასახავს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას, სადაც ხანმოკლე დროის განმავლობაში, სატვირთო ავტომობილების მიმართ, არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი.
ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ორივე მიმართულებით, 364 670 სატვირთო ავტომობილის მიმართ განხორციელდა საბაჟო ფორმალობები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა – ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან” – წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.