შემოსავლების სამსახური სიცრუეს უწოდებს განცხადებას, თითქოს ხაზარაძეების ოჯახმა თავად აღმოაჩინა „ტექნიკური გაუგებრობა“ და საკუთარი ინიციატივით დაფარა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის ოჯახმა საგადასახადო დეკლარაციების მოთხოვნით მხოლოდ მას შემდეგ მიმართა უწყებას, რაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულება საელჩოსა და ოჯახს შორის არ არსებობდა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო პროცესი.
უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია როგორც ხაზარაძის ოჯახისგან, ასევე ნოტარიუსთა პალატისა და საჯარო რეესტრისგან, „რათა დაზუსტდეს, რეალურად არსებობდა თუ არა საიჯარო ხელშეკრულება“.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის არსებულ საჯარო ურთიერთობას, რომლის მოკვლევასაც შემოსავლების სამსახური აწარმოებს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება.
მამუკა ხაზარაძის ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დეკლარაციების მოთხოვნით, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მხარეებს შორის ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე, ხოლო შემდეგ შემოსავლების სამსახურმა დაიწყო საკითხის მოკვლევა.
ამ დროისთვის შემოსავლების სამსახურის მიერ, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გამოთხოვილია დოკუმენტაცია მათ შორის ხაზარაძის ოჯახისგან, ასევე გამოთხოვილია ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატისგან და საჯარო რეესტრიდან, რათა დადგინდეს, რეალურად არსებობდა თუ არა მხარეებს შორის ხელშეკრულება.
ამასთანავე, შემოსავლების სამსახურს ხაზარაძის ოჯახის მხრიდან გამოთხოვილი აქვს საბანკო ჩარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რათა დადგინდეს, რეალურად რა ოდენობის შემოსავალი აქვს მიღებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისგან ხაზარაძის ოჯახს, რათა შემდგომში დადგინდეს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესაბამისობა.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მამუკა ხაზარაძის ოჯახს, ითანამშრომლოს უწყებასთან და დროულად წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტაცია, რაც აუცილებელია საკითხის სრულყოფილად შესწავლისთვის“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
