შემოსავლების სამსახურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სომხეთში სატრანსპორტო დანიშნულებით ფართოდ გამოყენებული თხევადი გაზის (LNG) ფასი 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტი შეაფერხა – “სრული სიცრუეა, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას”.
განცხადებაში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ “გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სანტრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება”.
“ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 – საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედია საშუალებების მიერ, გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა (გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები) არ ასახავს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას, სადაც ხანმოკლე დროის განმავლობაში, სატვირთო ავტომობილების მიმართ, არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი. ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ორივე მიმართულებით, 364 670 სატვირთო ავტომობილის მიმართ განხორციელდა საბაჟო ფორმალობები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა – ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
***
OC Media წერს, რომ სომხეთში სატრანსპორტო დანიშნულებით ფართოდ გამოყენებული თხევადი გაზის (LNG) ფასი 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტი შეაფერხა.
სამშაბათს, სომხეთში გაზის ფასმა ლიტრზე 170 დრამს (დაახლოებით $0.44) მიაღწია, რაც მკვეთრი ზრდაა წინა ფასთან — 120 დრამთან ($0.31) — შედარებით. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეს ცვლილება ყოველ საწვავით შევსებაზე დაახლოებით 9–10 დოლარით ზრდის ხარჯებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 500 სომხური სატვირთო ავტომობილი, თითოეული 22 ტონამდე გაზით დატვირთული, საქართველოს საზღვარზე რვა-ცხრა დღის განმავლობაში იყო გაჩერებული. კომპანია Flash-ის დირექტორის, სირაკ სუკიასიანის თქმით, ზეწოლის ქვეშ მყოფ სატვირთო მანქანათა რაოდენობა 400-ს აჭარბებდა.
იმპორტიორები აცხადებენ, რომ მსგავსი შეფერხებები მათ აქამდე მხოლოდ ამინდისა და ობიექტური გარემოებების გამო განუცდიათ და ამჟამინდელი სიტუაციის მიზეზი უცნობია.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა კი საზოგადოებას Facebook-პოსტით შეატყობინა, რომ ვითარება შესაძლოა მალე დარეგულირდეს. მისი თქმით, მხოლოდ 14 ივლისს საქართველოდან სომხეთში გაზით დატვირთული 44 სატვირთო შევიდა, ხოლო ბოლო ოთხ დღეში — ჯამში 143 მანქანა.
პაპოიანმა ასევე აღიარა, რომ გაზის დეფიციტი ნამდვილად შეიქმნა, თუმცა ახლა ვარაუდობს, რომ ფასები შემცირდება.
ფაქტორ TV-მ გაავრცელა კადრები, სადაც ტემპერატურის მატების გამო მძღოლები ცისტერნებს წყლის ჭავლით აგრილებდნენ — მათ აფრთხილებდნენ შესაძლო გაჟონვისა ან აფეთქების რისკზე.
მედია წერს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ეს დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველომ რუსეთში სომხური კონიაკის ექსპორტი შეაფერხა. აპრილის ბოლოდან ქართული მხარე სომხურ ტვირთს დამატებით ინსპექციებს უტარებდა, რამაც ფაქტობრივად შეაჩერა კონიაკის ტრანზიტი. ივლისის დასაწყისისთვის პრობლემა ჯერაც მოუგვარებელი იყო, მიუხედავად ოფიციალურ დონეზე გამართული შეხვედრებისა.
