შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მათი სახელით მოქმედი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. კონკრეტულად, უწყებაში განმარტავენ, რომ ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო ზედმეტობა, თანხის დაბრუნების მიზნით კი ბმულზე გადასვლას სთავაზობენ.
საგადასახადო სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების ავტორებს მოქალაქეთა თანხების თაღლითურად მითვისება სურთ და მოსახლეობას მოუწოდებენ, არ გააზიარონ პირადი ინფორმაცია.
“შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო ზედმეტობა და თანხის დაბრუნების მიზნით, SMS-ის ავტორები მომხმარებლებს მითითებულ ბმულზე გადასვლას სთავაზობენ
შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული გზავნილი არის სიცრუე და არანაირი შეხება არ აქვს უწყების საქმიანობასთან. თაღლითური სქემის ავტორები ცდილობენ მოქალაქეთა თანხების დაუფლებას/გამოყენებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში და მაქსიმალურად შეზღუდონ პირადი ინფორმაციის გაზიარება”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ისინი შეტყობინებებს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გზავნიან, ან ელექტრონულად – უწყების ვებ-გვერდზე აქვეყნებენ.
