„შემოსავალმა შეიძლება წელიწადში 16.4 მილიონ ლარს მიაღწიოს“ – Ramboll-ი მერიას პარკირების მოსაკრებლის შემოღების რეკომენდაციას აძლევს

„შემოსავალმა შეიძლება წელიწადში 16.4 მილიონ ლარს მიაღწიოს“ – Ramboll-ი მერიას პარკირების მოსაკრებლის შემოღების რეკომენდაციას აძლევს
პარკირების მოსაკრებლის შემოღების შემდეგ, შემოსავალმა შეიძლება წელიწადში 16.4 მილიონ ლარს მიაღწიოს – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის მოამზადა დანიურმა საკონსულტაციო კომპანია „რამბოლმა“, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
როგორც რეკომენდაციაშია განმარტებული, პარკირების მოსაკრებელი არის დღიური გადასახადი, რომელიც ქუჩის მიღმა, არასაცხოვრებელი პარკირების ადგილების მფლობელებს ეკისრება, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები, საოფისე ავტოფარეხები და ა.შ.
„თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას ყოველდღიურად მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. მიუხედავად ამისა, იგი მზარდი სუბსიდიის წყალობით ოპერირებს, რაც ზღუდავს. ქალაქის შესაძლებლობას გააფართოვოს, გაათანამედროვოს ან თუნდაც შეინარჩუნოს არსებული სისტემა იმავდროულად, საავტომობილო მოძრაობასა და პარკირებას თან ახლავს დამატებითი ხარჯები ქალაქისთვის ჰაერის ხარისხის გაუარესების, მიწის მნიშვნელოვანი მოხმარებისა და მისი მოქალაქეების მიერ დაკარგული დროის სახით. ამრიგად, თბილისი იკვლევს ამ გარე ხარჯების კომპენსაციის ახალ გზებს, ამასთან ერთად ზრდის შემოსავლებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სუბსიდიის შესამცირებლად, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტების დასაფინანსებლად ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმდინარე ტარიფების შენარჩუნება/ შემცირებისთვის.
შემოსავლის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა პარკირების მოსაკრებელი. პარკირების მოსაკრებელი არის დღიური გადასახადი, რომელიც ქუჩის მიღმა, არასაცხოვრებელი პარკირების ადგილების მფლობელებს ეკისრება, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები, საოფისე ავტოფარეხები და ა.შ. გამოყოფილ ზონაში, მიუხედავად იმისა, სარგებლობენ თუ არა ისინი პარკირებით დღის განმავლობაში. ეს არის სრულიად ახალი შემოსავლის ნაკადი ქალაქისთვის, რომელიც შეიძლება კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყოს.
ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ქალაქების პრაქტიკის მსგავსად, პარკირების მოსაკრებელი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ქალაქის ყველაზე მჭიდრო რაიონებში ავტომობილით მგზავრობის შესამცირებლად. პარკირების გადასახადით ასევე შეიძლება შემცირდეს ამ ადგილებში პარკირების ადგილების საერთო რაოდენობა, რაც გაათავისუფლებს სივრცეს სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებლად“, – ნათქვამია დოკუმენტში.
პროექტის მიხედვით, პარკირების მოსაკრებლისთვის, როგორც წესი, 1-2 ახალი სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალის ხარჯია საჭირო. ქალაქის მასშტაბით პარკირების მოსაკრებლის შემოღებით შემოსავალმა შეიძლება წელიწადში 16.4 მილიონ ლარს (6.4 მილიონი დოლარი) მიაღწიოს, რაც სრულ განაკვეთზე დასაქმებული პერსონალის ხარჯებს დაფარავს.

ასევე დაგაინტერესებთ