„შემოდის ირანული კივი და ყიდიან ქართულის ეტიკეტით“

კივის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებლის დემურ ფიფიას თქმით, საქართველოში შემოდის დიდი რაოდენობით იმპორტირებული კივი, ადგილობრივ ბაზარზე ხსნიან ეტიკეტებს და ყიდიან ისე, თითქოს ქართული კივია. ამის შესახებ მან bpn-თან ინტერვიუში ისაუბრა.
დემურ ფიფიას თქმით, ბაზარზე ქართველი მეკივე ფერმერი დაუცველია არათანაბარი კონკურენციის პირობებში. აღნიშნული საკითხის მოგვარება კი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.
„ბაზარში ძალიან იაფად შემოდის უხარისხო კივი, ვიზუალურად კარგია, მაგრამ შხამქიმიკატებით არის გაჯერებული. იმპორტი შემოდის განუსაზღვრელი რაოდენობით. პრობლემა ის არის, რომ შემოდის ირანული კივი და ყიდიან ქართულის ეტიკეტით. მთავრობამ უნდა მიხედოს ამას, მისი პრეროგატივაა“, – აცხადებს დემურ ფიფია.
გარდა ამისა, ქართველ მეკივე ფერმერებს გამოწვევას უქმნის ის, რომ იმპორტირებული კივი ბაზარზე გაცილებით იაფად იყიდება. მაშინ, როდესაც ქართული კივის წარმოება 2 ლარამდე ჯდება, იმპორტირებული კივის ღირებულება 1.2-1.3 ლარი ფარგლებში მერყეობს.
„ამას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, თორემ საქართველოში ქართული კივი მალე აღარ იქნება, იმიტომ, რომ ბაზარი არ აქვს ქართულ კივს, დომინირებს ირანული კივი. ბაზარში შესულ მომხმარებელს არ აქვს არჩევანი იმპორტირებულ და ქართულ კივის შორის. თბილისსა და ცენტრალურ ქალაქებში ყველას აწერია ზუგდიდის, აჭარის, გურიის კივი, რეალურად არის ირანული და თურქული კივი. არ არის ამ შემთხვევაში მეკივე ფერმერი დაცული. ეს დაცვა ზუსტად რომ, სახელმწიფოს ევალება. სახელმწიფომ უნდა დაიცვას თითოეული მეკივე“, – ამბობს საქართველოს კივის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ექსპორტზე გავიდა 280 ტონა კივი, ჯამში დაახლოებით 1.1 მილიონ დოლარის ღირებულების. 2022 წელს ექსპორტირებულია 125 ტონა კივი, რის ღირებულებამაც 323 ათასი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება იმპორტს, აქაც მატებაა, თუმცა მცირე რაოდენობით., კერძოდ, 2022 წელს საქართველოში შემოვიდა 1,143 მილიონი ლარის ღირებულების 2 619 ტონა კივი, 2023 წელს კი 1,320 მილიონი დოლარის ღირებულების 2 684 ტონა.

ვრცლად bpn.ge